“ნამდვილად არ სჭირდებოდა ზაზა სარალიძეს ასეთი ამბის ატეხვა და მკვლელების გვერდით დგომა”, – ამის შესახებ 2004 წელს მოკლული ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა განაცხადა.
მეტრეველის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ხელისუფლება შვილმკვდარ მშობლებს არ აპატიებდა ზაზა სარალიძის მსგავს ქცევას.
„ნამდვილად არავინ გვაპატიებდა იმას, რაც დღეს ხდება. ყველანაირ საზღვრებს გასცდა, განსაკუთრებით ზაზა სარალიძე, დემოკრატიაშიც აღარ ჯდება. ჩემთვის მიუღებელია. სახელმწიფო კანონის ფარგლებში არ მოქმედებს და სახელმწიფო თავის პოლიციელს ვერ იცავს. ტვინის შერყევით აგერ პოლიციელი საავადმყოფოში წევს. საუბედუროდ ბავშვი ქუჩურ გარჩევებში მოკვდა – ზაზა სარალიძეს შვილი ბავშვებმა მოუკლეს. ჩვენ პირდაპირ სახელმწიფომ დაგვიხვრიტა შვილები. სახელმწიფოს მაღალჩინოსნებმა წამებით მოკლეს სანდრო გირგვლიანი, პატრულმა დახვრიტა გიორგი გამცემლიძე და ასე შემდეგ. ასე, რომ ჩვენსა და მათ შორის, ამ უბედურ საქმეებს შორის, ძალიან დიდი განსხვავებაა. საქმეზე დაპატიმრებები გრძელდება. ორი თუ სამი არასრულწლოვანია დაპატიმრებული. თუ მტკიცებულება არ არსებობს, მოზარდებს როგორ დაიჭერს სახელმწიფო და პროკურატურა?! ეს დაუშვებელია. მიმდინარეობს ძიება. ნამდვილად არ სჭირდებოდა სარალიძეს ასეთი ამბის ატეხვა და მკვლელების გვერდით დგომა. მივმართავ მაჩალიკაშვილს, როდესაც მისი თანამემამულეების შვილები ლაფანყურის სპეცოპერაცისას, სააკაშვილის ხელისუფლების დროს დახვრიტეს, როგორ დადგა იმ მკვლელების გვერდით?! სარალიძისგან განსხვავებით, მე მას დიდ პატივს ვცემ,“ – განაცხადა ია მეტრეველმა და დასძინა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე კითხვები მასაც აქვს და მიაჩნია, რომ მაჩალიკაშვილი ტერორისტი რომც ყოფილიყო, სამართალდამცველებს იგი ცოცხალი უნდა აეყვანათ.