საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, სოციალურ პროექტებზე მთავრობა დიდი ხანია, მუშაობს და აღნიშნული საკითხის წინ წამოწევა არჩევნებს არ უკავშირდება.
მისივე თქმით, „სოციალური პროექტი, თუნდაც არასრულწლოვანთათვის შემწეობის გაზრდის საკითხი, განიხილებოდა გაზაფხულიდან და გახმოვანდა ახლა.
„უბრალოდ, ვიღაცას ახლა მოხვდა ყურში, თორემ ეს საკითხი განიხილებოდა და მზადდებოდა. სპეციალურად საარჩევნოდ არ არის გაცხადებული”, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 2 ნოემბერს განაცხადა, რომ სოციალურად დაუცველი 16 წლამდე ბავშვების დახმარება ხუთჯერ გაიზრდება და ბავშვიანი ოჯახები ამჟამად არსებული 10-ლარიანი დახმარების ნაცვლად მიიღებენ 50-ლარიან დახმარებას. პრემიერის თქმით, აღნიშნული ინიციატივა 140 000-მდე ბავშვს შეეხება.