C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, სკრინინგის ჩატარება, სამედიცინო დაწესებულებების გარდა, იუსტიციის სახლებშიცაა შესაძლებელი.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სკრინინგის კუთხე საქართველოს მასშტაბით 12 იუსტიციის სახლშია მოწყობილი, შესაბამისად, მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, სხვა სერვისების პარალელურად, გაიგონ თავიანთი სტატუსი C ჰეპატიტის შესახებ.
„გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, უკვე დაწყებულია დეცენტრალიზაციის პროცესი, რომლის მიხედვითაც საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში იქნება მინიმუმ ერთი დაწესებულება, რომლებშიც ბენეფიციარებს სრულ სერვისს შესთავაზებენ. პროცესში ასევე ჩართულია ზიანის შემცირების ცენტრები, რაც მნიშვნელოვანია პროგრამის ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფის – ნარკომომხმარებელთა ჩართვისთვის. დეცენტრალიზაციის პროექტში უკვე ჩართულია რვა პირველადი ჯანდაცვის და სამი ზიანის შემცირების ცენტრი.
სიახლეები განხორციელდა პროგრამის ადმინისტრირების მიმართულებითაც. ბენეფიციარებს პროგრამაში რეგისტრაციისთვის აღარ მოუწევთ სოციალური მომსახურების სააგენტოში მისვლა. ცვლილების თანახმად, რეგისტრაცია შესაძლებელია პირდაპირ პროვაიდერ სამედიცინო დაწესებულებაში. ასევე მუშაობის ონლაინ ფორმატზე გადავიდა პაციენტთა დოკუმენტაციის შემსწავლელი კომისია, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს პაციენტების მოლოდინის პერიოდს. ბენეფიციარები მკურნალობის დაწყებას დარეგისტრირებიდან შვიდ დღეში შეძლებენ, ნაცვლად ერთი თვისა“, – აცხადებენ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, პროგრამის დაწყებიდან დღემდე დარეგისტრირებულია 50 000-ზე მეტი ბენეფიციარი. მკურნალობაში ჩაერთო 49 000-ზე მეტი ადამიანი. მკურნალობა დაასრულა 45 000-ზე მეტმა პირმა, განკურნების მაჩვენებელი კი 98,3 პროცენტია.
იტვირთბა....