დაავადების კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვული ცენტრის ინფორმაციით, გრიპისმაგვარი დაავადების აქტივობა საშუალოზე დაბალია.
“საქართველო, გრიპისა და სხვა რესპირაციული ვირუსების ზედამხედველობას ახორციელებს მთელი წლის განმავლობაში, შესაბამისად, საზოგადოებას (მოსახლეობასა და სამედიცინო ქსელს) დროულად აწვდის ინფორმაციას, როგორც მოცირკულირე ვირუსების, ასევე იმ პროფილაქტიკური ღონისძიებების შესახებ, რომელთა გატარება მიზანშეწონილია ამ თუ იმ ეტაპზე. ჩვენი ზედამხედველობის მონაცემებით, საქართველოში, 2017 წლის მეორმოცე კვირიდან 2018 წლის მე-3 კალენდარულ კვირამდე ცირკულირებდა სხვადასხვა ტიპის
რესპირაციული ვირუსი (რინო, ადენო, რესპირატორულ-სინციტიური და სხვ).
ამჟამად, მიმდინარე სეზონზე პირველად, საქართველოში გამოვლენილია B ტიპის გრიპის ვირუსის ცირკულაცია, თუმცა გრიპისმაგვარი დაავადების აქტივობა საშუალოზე დაბალია. გარემოებათა (რისკის) შეფასება გვაფიქრებინებს, რომ მომავალ კვირებში სავარაუდოდ მოიმატებს გრიპის ვირუსის აქტივობა და უფრო ფართოდ გავრცელდება, რაც ტიპიური და სტანდარტულია ამ პერიოდისთვის.
ზოგადად, 2017-2018 წლების გრიპის სეზონზე ჩრდილო ნახევარსფეროში მოცირკულირე გრიპის ვირუსები გენეტიკურად მსგავსია იმ ვირუსებისა, რომლებიც ცირკულირებდა 2017 წელის სეზონზე სამხრეთ ნახევარსფეროში და 2016-2017 წლების სეზონზე ჩრდილო ნახევარსფეროს სხვადასხვა ქვეყანაში. ამიტომ, ECDC წინასწარი შეფასებით მიიჩნევს, რომ ევროპის ქვეყნებში და მ.შ. საქართველოში A/H3-ით
გამოწვეული ავადობა არ იქნება მაღალი. ზოგადად, საზოგადოებრივი ზეგავლენის შემცირების მიზნით მიზანშეწონილია გრიპის პროფილაქტიკის სამი საკვანძო ასპექტი:
1. გრიპის საწინააღმდეგო იმუნიზაცია – რაც იცავს გრიპის მძიმე
მიმდინარეობისგან ან ლეტალური გამოსავლისგან; ჯანმო ავრცელებს
რეკომენდაციას, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არასდროსაა გვიან;
2. დაავადებულთა კონტაქტების შემცირება – რაც იცავს საზოგადოებას
დაავადების გავრცელებისგან;
3. დროული ადექვატური მკურნალობა (ანტივირუსული პრეპარატებით) ექიმის
დანიშნულებით – რაც მცირედ ამცირებს გრიპით ავადობის ხანგრძლივობას (1-
1,5 დღით) და იძლევა მძიმე მიმდინარეობისას კეთილსაიმედო პროგნოზს.
გრიპის სიმპტომების გამოჩენისთანავე მიმართეთ ექიმს! იმ შემთხვევაში თუ გამოვლინდება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა – სუნთქვის გართულება, ქოშინი, ცხვირ-ტუჩის მიდამოს ციანოზი, მოვარდისფრო სისხლიანი ნახველი, ლეთარგია, გახანგრძლივებული ცხელება (380C მეტი 3 დღის შემდგომ), ჩვილ ბავშვებში – ძუძუს წოვის შეუძლებლობა, გაუწყლოვება, ყიფლიბანდის დაძაბულობა – სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს! შესაძლოა თქვენ გესაჭიროებოდეთ ჰოსპიტალიზაცია და სპეციფიკური მკურნალობა! გრიპისმაგვარი დაავადებების სიმპტომების მქონე პაციენტებს, როდესაც ქვეყანაში დადგენილია გრიპის ვირუსის ცირკულაცია, სპეციალური ლაბორატორიული კვლევები გრიპის ვირუსის ტიპების ან ქვეტიპების იდენტიფიცირებისათვის და
მკურნალობის ტაქტიკის განსასაზღვრად არ ესაჭიროებათ. გრიპით დაავადებულთა სამკურნალოდ არ გამოიყენება ანტიბიოტიკი! გრიპის სამკურნალოდ გამოიყენება ე.წ. ანტივირუსული პრეპარატები oseltamivir,
zanamivir, peramivir.” – ნათქვამია განცახდებაში.