პარლამენტის ვიცე-სპიკერის, “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერის ირმა ინაშვილის განცხადებით, ის რაც მოხდა საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, თავისი მიზეზები აქვს. როგორც ის განმარტავს, ამის პირველი მიზეზი კოჰაბიტაციაში უნდა ვეძებოთ.
“ოცნებამ უღალატა ქართველ ხალხს, ესაა მთავარი მიზეზი. ვამბობდი და ვამბობ: კოჰაბიტაცია იყო დანაშაულებრივი პროცესი. დანაშაული იყო იმისი მტკიცება, რომ ნაცმოძრაობა მთავარი ოპოზიციური პარტიაა. დანაშაული იყო მიზანმიმართული ქმედებები ნაცმოძრაობის ორივე შტოს გასაცოცხლებლად! დანაშაული იყო და არის მათთან სერიოზული პოლიტიკური ოპონირება. დანაშაული იყო სასამართლო სისტემის მურუსიზაცია, “გირჩის” შექმნა და დაფინანსება, რასაც ხელისუფლება აკეთებდა და აკეთებს!
მწამებლების დაცვა და გაცოცხლება ჩემთვის წამებაზე არანაკლები დანაშაულია და ზუსტად ამაში ვდებ ბრალს “ქართულ ოცნებას”. შესაბამისად, ის ჯგუფი, ის პირები “ქართული ოცნებიდან”, რომლებიც ლობირებდნენ ნაცმოძრაობის გაცოცხლების პროექტს, ჩემთვის მურუსიძეზე უკეთესი არაფრით არ არიან”, – წერს ირმა ინაშვილი.
შეგახსენებთ, საპრეზიდენტო არჩევნებში 1-პროცენტიანი სხვაობა დაფიქსირდა “ქართული ოცნების” მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილსა და გაერთიანებულ ოპოზიციის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს შორის, რაც იმას გულისხმობს, რომ მეორე ტური გაიმართება.