აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ჩინეთში ექვსმა რობოტმა მაღაზიის თანამშრომლები ერთი დღით შეცვალა – როგორ ჩაიარა ექსპერიმენტმა

ექსპერიმენტის ფარგლებში, Agibot-ის ექვსი ჰუმანოიდური რობოტი შანხაის ერთ-ერთ მაღაზიაში 24 საათის განმავლობაში მუშაობდა. ისინი მყიდველებს ხვდებოდნენ, ყავას ამზადებდნენ, საკვებს არიგებდნენ და თაროებზე მარაგებს ავსებდნენ, – წერს HotNews-ი.

აღინიშნება, რომ ექსპერიმენტი ჩინურმა რობოტოტექნიკურმა კომპანია AGIBOT-მა მოაწყო და ის 2 ნოემბრის 10:00 საათიდან 3 ნოემბრის 10:00 საათამდე შანხაის ერთ-ერთ უნივერმაღში მიმდინარეობდა. კომპანიამ ექსპლუატაციაში G2 მოდელის ბორბლებიანი ექვსი ჰუმანოიდური რობოტი ჩაუშვა და გამოცდა პირდაპირ ეთერში გადასცა.

ტესტირების მსვლელობისას რობოტებმა ჯამში 1 730 დავალება შეასრულეს. მათ საცალო ვაჭრობის სფეროში სხვადასხვა მოვალეობა დაევალათ, კერძოდ: მომხმარებელთა დახმარება, პროდუქციასთან მუშაობა, ყავის მომზადება, ცხელი კერძების მირთმევა და დალაგება-დასუფთავება. ტესტირება მუშაობის ოთხ პერიოდს მოიცავდა: სადილის დროის პიკურ დატვირთვას, საღამოს პიკის საათებს, ღამის ცვლასა და მომდევნო დღის დილის პიკს საუზმის დროს. ამგვარად, რობოტებმა მაღაზიაში მომხმარებელთა განსხვავებული ნაკადისა და არაპროგნოზირებადი პირობების წნეხს გაუძლეს.

ორმა რობოტმა, რომლებიც დასუფთავებისთვის, თაროების შემოწმებისა და მარაგების შევსებისთვის იყო განკუთვნილი, კომპანიის ეფექტიანობის კრიტერიუმები ვერ დააკმაყოფილა. შემდგომი დახვეწის მიზნით, ისინი სადამკვირვებლო ჯგუფში გადაიყვანეს.

გამოცემაში აღნიშნეს, რომ დასუფთავებისთვის განკუთვნილი ერთ-ერთი რობოტი ნაგვით სავსე ურნას წააწყდა, რომელიც მას წინასწარ განსაზღვრულ მარშრუტს უღობავდა. იმის ნაცვლად, რომ დაბრკოლება ჩამოეცილებინა, მან დადგენილ მარშრუტს გადაუხვია, მაღაზიიდან გავიდა და თავის ადგილზე აღარ დაბრუნებულა. რობოტს, რომელსაც თაროების შემოწმება და მარაგების შევსება ევალებოდა, ასევე გაუჭირდა მაღაზიის მოთხოვნებთან გამკლავება – მან ვერ გამოიჩინა საჭირო ინიციატივა, რათა პროდუქციის გაყიდვის პარალელურად დაცარიელებული თაროები დროულად შეევსო.

იტვირთბა....