არჩევნები ახალი ამბები მთავარი სამართალი

საპრეზიდენტო არჩევნებზე მომხდარ ინციდენტებზე გამოძიება დაიწყო

„საპრეზიდენტო არჩევნების დღეს მომხდარ რამდენიმე ინციდენტზე გამოძიება დაიწყო“, -ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, არჩევნებამდე პერიოდში დარღვევებთან დაკავშირებით ყველა საქმე ბოლომდეა მიყვანილი.

„საპრეზიდენტო არჩევნებამდე პერიოდში დარღვევებთან დაკავშირებით ყველა საქმე ბოლომდეა მიყვანილი, 15-მდე პირია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული, როგორც ოპოზიციური პარტიიდან, ისე მმართველი გუნდის მხარდამჭერები.

ჩვენ ვცდილობდით, როგორც არჩევნებამდე პერიოდში, ისე მთელი მიმდინარეობის დროს, რომ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპი, როგორც სამართალდამცავ უწყებას, შეგვენარჩუნებინა. მარნეულში მომხდარ ინციდენტზე ორი პირი იმ დღესვე დავაკავეთ, ერთი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, მეორე „ქართული ოცნების“. გამოძიებები მიმდინარეობს, ჩვენ ახლა ვაწარმოებთ იმ პირების გამოკითხვას, ვინც არჩევნების დროს უბრალოდ არ მოვწყვიტეთ სამსახურს, რადგან არ გვინდოდა პროცესების ჩაშლა. ამომრჩევლისთვის ფულის დარიგების საკითხთან დაკავშირებით მედიაში გავრცელდა ინფორმაცია. შესწავლა მიმდინარეობს, თუ ფაქტები დადასტურდება, რეაგირება პროკურატურამ უნდა მოახდინოს”, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

იტვირთბა....