“თავისუფალი საქართველოს” წევრი გოგი წულაია “მეტრონომთან” საუბრისას აცხადებს, რომ პარტიას არ აქვს გადაწყვეტილი თუ რომელ საპრეზიდენტო პარტიას დაუჭერს მხარს მეორე ტურში.
“არჩევნების შედეგი იყო მოსალოდნელი და ამას ველოდი კიდევაც. ამას 2012 წლის შემდეგ ყველა არჩევნებზე ვიძახდი, როდესაც “ნაციონალური მოძრაობა” მეორე ადგილზე გადიოდა და ამისთვის ყველაფერს აკეთებდა. ყველა არჩევნები ერთი პათოსით მიდიოდა, მგელი მოდის, მგელი მოდის და თუ არ მომცემ ხმას მიშა მოდისო. გახსოვთ, ბიძინას სახლთან ჩავატარე პერფორმანსი და მას წიგნი მივუტანე – მატყუარა მწყემსი. წიგნში კარგად არის ნაჩვენები, რომ ტყუილი სულ არ გაგივა და ერთხელ მართლა მოვა მგელი. ასრულდა ჩემი სიტყვა და “ნაციონალებს” ხელისუფლებაში მოსვლის რეალური შანსი აქვთ.
ჯერ არ ვიცით ვის დავუჭერთ მეორე ტურში მხარს. ახლა მოვდივარ თბილისში და უნდა ვიმსჯელოთ და დღეს საღამოს გადაწყვეტილი გვექნება. ისე, საშინელების მოლოდინს დასასრული ჯობია, ალბათ, მიმიხვდით რისი თქმაც მინდა. ეს არის ჩემი და არა პარტიის განწყობა”, – აცხადებს წულაია.
შეგახსენებთ, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამომრჩეველთა ხმები 3703 უბანზე დათვალა, რაც თითქმის 100%-ია.
როგორც ცესკოს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ ბრიფინგზე განაცხადა, ამ დროისთვის ხმები ასე გადანაწილდა:
დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი – 38.63% (615 403 ხმა).
გაერთიანებული ოპოზიაცია, „ძალა ერთობაშია“ – გრიგოლ ვაშაძე – 37.74 % (601 175 ხმა).
„ევროპული საქართველოს“ კანდიდატი , დავით ბაქრაძე – 10.97% (174 699 ხმა).
ამავე თემაზე: ცესკო – საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 2 დეკემბრამდე ჩატარდება.