არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ვტრიალებთ ჩაკეტილ წრეში”: თინა ხიდაშელი არჩევნების შემდეგ

საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, სოციალურ ქსელში თავის მოსაზრებას წერს საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი. მისი თქმით, ამომრჩეველი მხოლოდ ორ ფერს ხედავს, ამ ორ ფერში იცის ვისზე ბრაზდება და შესაბამისად, მეორესკენ იხრება. ხიდაშელის განმარტებით, იმის იქით არც არასოდეს გაუხედავს, უფრო ღრმად და არსობრივად არც არასოდეს მოქცეულა და ამიტომაც ვტრიალებთ ამ ჩაკეტილ წრეში.

“საპრეზიდენტო არჩევნების გაკვეთილი:

მმართველი პარტია და ივანიშვილი პირადად, სისტემურად და დაუჯერებელი დაბეჯითებით ამყარებდნენ მითს 6 წლის თავზეც კი ხელისუფლებაში ნაცების ყოფნის და სახელისუფლებო პოტენციალის შესახებ:
– ამას აკეთებედნენ საკადრო პოლიტიკით;
– ყველა მოვლენაზე ნაცების პასუხისმგებლობის ძახილით;
– სასამართლოში ნაციონალური “ვერტიკალის” გამაგრებით;

მაშინ როცა ყველა მარცხსა და შეუსრულებელ დაპირებაზე “ჰეროკრატია” ჰქონდათ პასუხად, ოცნებამ თავი დაიმკვიდრა:
– უუნარობით,
– უსისტემობით,
– ქედმაღლობით,
– კორუფციისკენ მიდრეკილებით,
– არაპროფესიონალიზმით,
– ღირებულებების არ ქონით,
– მოძალადეების გვერდში დაყენებითა და წახალისებით,
– არაფერთან არანაირი კავშირის მქონე კანდიდატის მხარდაჭერით,
– მზარდი სიღარიბით,
– უპასუხოდ დარჩენილი სოციალური გამოწვევებით,
– სრულიად კარიკატურული პარლამენტის თავმჯდომარითა და
– პრემიერითა და მთავრობით რომელთა დიდი ნაწილის სახელისა და გვარის გახსენებაზე პაუზა გვჭირდება.

ხოდა თუკი მაინც ნაცები მართავენ ამ ქვეყანას, რასაც გავიმეორებ, ბიძინა და ოცნება 6 წელია ყველა მეგაფონიდან ამტკიცებენ, არც არაფერია საკვირველი შედეგებში.

ამომრჩეველი არც გაზრდილა და არც შეცვლილა. ზუსტად იმავე ადგილზე დგას. მხოლოდ ორ ფერს ხედავს, ამ ორ ფერში იცის ვისზე ბრაზდება და შესაბამისად, მეორესკენ იხრება. იმის იქით არც არასოდეს გაუხედავს, უფრო ღრმად და არსობრივად არც არასოდეს მოქცეულა. ამიტომ ვტრიალებთ ამ ჩაკეტილ წრეში.

P.S. იმედია, არითმეტიკა მაინც იცის და ხვდება რომ ამ პროცენტების უკან სინამდვილეში, ისე ვირტუალურად კი არა, არითმეტიკულად გუშინ ნაცებმა მოუგეს არჩევნები”. – წერს ხიდაშელი.

ცნობისთვის, ცესკოს ბოლო მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ასეთია:

დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი –  38.63% (615 403 ხმა).
გაერთიანებული  ოპოზიაცია, „ძალა ერთობაშია“ – გრიგოლ ვაშაძე – 37.74 % (601 175 ხმა).
„ევროპული საქართველოს“ კანდიდატი , დავით ბაქრაძე –  10.97% (174 699 ხმა).
ამავე თემაზე: ცესკო – საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 2 დეკემბრამდე ჩატარდება

იტვირთბა....