არჩევნები ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საერთაშორისო გამჭირვალობა – თითქმის ყველა საარჩევნო უბნის გარეთ შეიმჩნევა საპრეზიდენტო კანდიდატების კოორდინატორების დიდი კონცენტრაცია

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” განცხადება მიმდინარე საარჩევნო პროცესების შესახებ  განცხადებას ავრცელებს:

“ამ დროისთვის ჩვენ მიერ დაფიქსირდა 90-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა. ჩვენი დამკვირვებლების მიერ დაიწერა 9 საჩივარი. მეტნაკლებად სერიოზული დარღვევებიდან აღსანიშნავია შემდეგი ფაქტები:

ამომრჩეველთა აქტიური მობილიზაცია და ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

თითქმის ყველა საარჩევნო უბნის გარეთ შეიმჩნევა საპრეზიდენტო კანდიდატების კოორდინატორების დიდი კონცენტრაცია, მათ შორის ბევრი მათგანი დგას ავტომობილით, სადაც სხვადასხვა პირები სხდებიან და მცირე ხნის შემდეგ გადმოდიან. არსებობს ეჭვი, რომ შესაძლოა ხდებოდეს ამომრჩევლის მოსყიდვა. ზოგიერთი უბნის გარეთ ჩვენმა დამკვირვებლებმა ფულის გადაცემის რამდენიმე შესაძლო ფაქტიც დააფიქსირეს. კერძოდ, ასეთი შემთხვევები შეგვხვდა შემდეგი უბნების გარეთ:

  • #24 დმანისის საარჩევნო ოლქის #2, 10, 20 და 32
  • #5 ისნის საარჩევნო ოლქის #32
  • #12 გურჯაანის საარჩევნო ოლქის #2

აგიტაციის წესების დარღვევა

#12 გურჯაანის საარჩევნო ოლქის #25 საარჩევნო უბანზე ერთ-ერთმა კომისიის წევრმა კაბინის გარეთ მისცა ხმა, ანუ შემოხაზა სასურველი კანდიდატი.

არჩევნების სავარაუდო გაყალბება

#67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #94 საარჩევნო უბანზე ჩვენმა დამკვირვებელმა დაინახა, თუ როგორ ჩააგდო საარჩევნო ყუთში რამდენიმე კონვერტი საარჩევნო ყუთის ზედამხედველმა კომისიის წევრმა. პროტესტის გამოხატვის შემდეგ კომისიის თავმჯდომარემ და სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელმა უბნის გარეთ გაიყვანეს ჩვენი დამკვირვებელი, სთხოვეს თვალი დაეხუჭა ამ ფაქტზე და პირობა მისცეს, რომ აღარ განმეორდებოდა მსგავსი შემთხვევა. ეს ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას დაინტერესდეს ამ შემთხვევით და მიიღოს შესაბამისი ზომები.    

ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა

#59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #47 უბანზე კომისიის წევრებმა ამომრჩეველს მისცეს ბიულეტენი, რომელსაც არ ჰქონდა რეგისტრატორის ხელმოწერა და ბეჭედი. მას შემდეგ რაც ეს ამომრჩეველი გამოვიდა კაბინიდან, კომისიის წევრებმა გამოართვეს უკვე შემოხაზული ბიულეტენი, გაფუჭებულად მიიჩნიეს და სხვა ბიულეტენი მისცეს.

ერთი და იმავე უბანზე ერთი ორგანიზაციის რამდენიმე დამკვირვებელი

#22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #55 საარჩევნო უბანზე ერთი და იმავე სადამკვირველო ორგანიზაციის ორი წარმომადგენელი იმყოფებოდა. ჩვენი დამკვირვებლის მითითების მიუხედავად, კომისიის თავმჯდომარემ დიდი ხნის განმავლობაში არ აღმოფხვრა ეს პრობლემა. მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა #5 ისნის საარჩევნო ოლქის #21 საარჩევნო უბანზე.

დამკვირვებლების არშეშვება საარჩევნო უბნებზე

#41 ნინოწმინდის საარჩევნო ოლქის #2 საარჩევნო უბანზე და #56 ჭიათურის საარჩევნო ოლქის #26 უბანზე გარკვეული დროის განმავლობაში კომისიის თავმჯდომარეები უბანზე არ უშვებდნენ დამკვირვებლებს. მცირე ხნის შემდეგ აღმოიფხვრა ეს პრობლემა.

კომისიის წევრის მიერ ფუნქციათა გადასანაწილებელ წილისყრაზე უარის თქმა

#10 გლდანის საარჩევნო ოლქის #100 უბანზე, #32 გორის საარჩევნო ოლქის #88 უბანზე, #79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #7, 25, 89 უბნებზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ დანიშნულმა კომისიის წევრებმა უარი თქვეს გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრების გამოსავლენ წილისყრაში მონაწილეობაზე.

მარკირების გარეშე ხმის მიცემა

#64 სენაკის საარჩევნო ოლქის #37 უბანზე ერთ-ერთი რეგისტრატორი მარკირების გარეშე აძლევდა ამომრჩეველს ბიულეტენს.

რეგისტრატორის მიერ ბეჭდის არასწორი გამოყენება

#24 დმანისის საარჩევნო ოლქის #32 უბანზე ერთ-ერთი რეგისტრატორი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ბიულეტენებზე ბეჭედს უკუღმა არტყამდა, რაც შეიძლება ბიულეტენების ბათილობის საფუძველი გახდეს.

ნაკადის მომწესრიგებლის არასათანადო ქცევა

#5 ისნის საარჩევნო ოლქის #21 უბანზე ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრი რეგისტრატორთან ერთდროულად ორზე მეტ ამომრჩეველს უშვებდა. არაერთი მოწოდების მიუხედავად, კომისიის თავმჯდომარემ არ აღმოფხვრა ეს დარღვევა.

#20 რუსთავის საარჩევნო ოლქის #76 უბანზე ნაკადის მომწესრიგებელი ერთ-ერთ დამკვირვებელს კარნახობდა მოსული ამომრჩევლის რიგითი ნომრებს. ჩვენი დამკვირვებლის მიერ შენიშვნის მიცემის შემდეგ, მან განაცხადა, რომ საკუთარი ცოლის საქმეს აკეთებდა, რომელიც პარტიის კოორდინატორი არის.

გადასატანი საარჩევნო ყუთის პრობლემები

#12 გურჯაანის საარჩევნო ოლქის #3 უბანზე და #59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #21 უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთის უბანზე დაბრუნებისას აღმოჩნდა, რომ გაცემულ ბიულეტენებს თითო ცალი აკლდა.

 

სადამკვირვებლო მისიის შესახებ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს 350 ადგილობრივი დამკვირვებლით უწევს მონიტორინგს. ორგანიზაციის სტაციონარული დამკვირვებლები მთელი ქვეყნის მასშტაბით 300 საარჩევნო უბანზე არიან გადანაწილებულნი. გარდა ამისა, საარჩევნო პროცესებს 45 მობილური ჯგუფიც ადევნებს თვალს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ არჩევნების დღეს საარჩევნო მედიაცენტრში ორ პრესკონფერენციას გამართავს 13:00-ზე და 20:30-ზე, რომლებზეც წარმოდგენილი იქნება არჩევნების დღის დაკვირვების შუალედური შედეგები. 22 ოქტომბერს 11:00-ზე წარმოდგენილი იქნება საბოლოო შეფასება. საჭიროებიდან გამომდინარე, შესაძლოა, გაკეთდეს დამატებითი განცხადებებიც”, – ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....