ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის კრიტიკას ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი კიდევ ერთხელ ეხმაურება. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი თუ ასეთი ნიჭიერია, ხელისუფლებაში მოსვლამდე რატომ ვერ აღმოაჩინა, რომ უნიჭო ვიყავი და რატომ მიაჩნდა ის ძალიან საჭიროდ და პირად მეგობრად.
“მის კომენტარებს ჭორაობაში ვერ შევყვები. რაც შეეხება ჩემს უნიჭობას, ტრაგიკომიკური ის არის, რომ სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდა ბიძინა ივანიშვილი, ძალიან საყვარელი და მისი პირადი მეგობარი ვიყავი. როგორც ჩანს, ხელისუფლებაში რომ მოდიან, შემდეგ სხვა პრიზმაში უყურებენ ადამიანებს და აღმოაჩინა, რომ უნიჭო ვყოფილვარ. ჯობია თავის გარემოცვაში მიმოიხედოს და „ნაციონალებსაც“ და ფულის ამღებებსაც იქ დაინახავს“, – ამბობს ხუხაშვილი.
ის მიიჩნევს, ივანიშვილი მაშინ განაწყენდა, როდესაც ანალიტიკოსმა ყოფილ პრემიერზე აღნიშნა, რომ მას აღარ თვლის ლიდერად და ის ცდილობს ძალისმიერად შეინარჩუნოს სისტემა.
“ეს მან მტკივნეულად მიიღო და გახდა კატალიზატორი ამ რეაქციის. მე შესაძლოა გადაკვეთე წითელი ხაზი, თუმცა როდესაც სახელმწიფო ინტერესებზე ვსაუბრობთ, აქ პირადი სენტიმენტები უკანა ხაზზე გადადის. თუ უნდა, რომ გამაჩუმოს, ეს ილუზია მიშასაც ჰქონდა და ვერ აუხდა, რატომ უნდა აუხდეს ივანიშვილს არ მესმის. სანამ ჩემი აზრი იქნება საინტერესო, ჩემი მოსაზრებების მოსმენა მოუწევს.“, – აღნიშნა ხუხაშვილმა.
შეგახსენებთ, ივანიშვილმა გია ხუხაშვილზე განაცხადა: “მან ყველგან ყველაფერი მოიარა. ძალიან ცუდად მოიქცა ჩვენთან და დიდი ხანია ჩემთან აღარ მოესვლება. სადაც კი შეიძლებოდა, ყველას მიეკედლა და საბოლოო ჯამში, ჩემი აზრით, „ნაციონალებთან“ გაფორმდა. მე არ ვიცი, ხელფასს უხდიან თუ არა, მაგრამ პოზიციას, რასაც ის დღეს იჭერს, ერთი ერთზე „ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე ასხამს წყალს. ერთი პერიოდი მაგას ილუზია ჰქონდა, რომ თვითონ მართავდა ყველა პროცესს. ამ დროს მაგის გამონათქვამებს რომ ვიხსენებ, არაფრის ანალიზის უნარი მაგას არ ჰქონია“.
შეგახსენებთ, დღეს კომენტარი გია ხუხაშვილმა “მეტრონომთანაც” გააკეთა.