არჩევნები ახალი ამბები მთავარი

ბახტაძე – ზურაბიშვილი იქნება ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე კიდევ ერთი გარანტი

დარწმუნებული ვარ, ჩვენი პოლიტიკური გუნდის მხარდაჭერილი კანდიდატი ღირსეულ და დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა მამუკა ბახტაძემ სპორტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ შეხვედრაზე განაცხადა.

ბახტაძის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნები იქნება დემოკრატიული და გამჭირვალე.

„მინდა, შევუერთდე იმ სულისკვეთებას, რომელიც ამ დარბაზშია, და კიდევ ერთხელ, თქვენთან ერთად გავუსვა ხაზი ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის უპირატესობას, როგორც პრეზიდენტობის ყველაზე სასურველი კანდიდატისა. ყველასთვის ნათელია, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდის საგარეო- პოლიტიკური ვექტორი სრულად ემთხვევა ქართველი ხალხის ისტორიულ ნებას, იყოს ევროპის ნაწილი, და ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური არჩევანი. ეს ჩვენი მსოფლმხედველობრივი ერთობაა ევროპასთან, ეს არის ჩვენი სწრაფვა თავისუფლებისკენ, უსაფრთხოებისკენ, მეტი შესაძლებლობებისკენ.

ეს არის ჩვენი ცივილიზაციური არჩევანი. სწორედ ამ გეზის გამტარებელი იქნება ჩვენ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, ის იქნება საქართველოს ევროპაში და ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე კიდევ ერთი გარანტი. ჩვენ ყველამ ვნახეთ, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალების აგრესიული, დესტრუქციული და შეურაცხმყოფელი რიტორიკის მიუხედავად, ქალბატონმა სალომემ ამომრჩეველს ევროპული ტიპის წინასაარჩევნო კამპანია შესთავაზა, რაც იყო კიდეც ჩვენი საზოგადოების მოთხოვნა და სურვილი.

ყველა არჩევნებზე ჩვენმა ქვეყანამ დაადასტურა თავისი ერთგულება ევროპული და დემოკრატიული ღირებულებებისადმი. ყველა არჩევნები, რომლებიც ჩავატარეთ, გამორჩეული იყო თავისუფალი საარჩევნო გარემოს, გამჭვირვალობისა და დემოკრატიულობის თვალსაზრისით. ასე აფასებენ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები და, რაც მთავარია, ჩვენს ხალხს აქვს არჩევნების შედეგებისადმი ნდობა. დღეს ჩვენი ქვეყანა ისევ საარჩევნო რეჟიმშია, წინ საპრეზიდენტო არჩევნები გვაქვს და, დარწმუნებული ვარ, ეს არჩევნებიც ისეთივე დემოკრატიული, ისეთივე თავისუფალი იქნება, როგორიც ყველა წინა არჩევნები იყო”, – განაცხადა ბახტაძემ.

 

იტვირთბა....