“ევროპული საქართველოს” საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ ჩვენი ამოცანაა, არასდროს ავყვეთ რუსეთს იმ თამაშში, რომელსაც თავს გვახვევს, თითქოს ნატო-ში გაწევრიანება რაიმე კავშირშია ტერიტორიული მთლიანობის დათმობასთან. ამის შესახებ მან პირველი არხის გადაცემა “არჩევნები 2018″-ში განაცხადა.
„საგარეო პოლიტიკა ჩემთვის არ ნიშნავს მხოლოდ განყენებულად ევროკავშირსა და ნატო-ს, ეს არის ევროკავშირი, ნატო და იმ გარემოს შექმნა, სადაც საქართველო წავა წინ და სადაც ქვეყანა განვითარდება. რაც შეეხება, რა სქემით მოხდება ნატო-ში ჩვენი მომავალი გაწევრიანება, ჩვენი ამოცანაა, არასდროს ავყვეთ რუსეთს იმ თამაშში, რომელსაც თავს გვახვევს, თითქოს ნატო-ში გაწევრიანება რაიმე კავშირშია ტერიტორიული მთლიანობის დათმობასთან. არანაირი დათმობა არ მოხდება. საქართველოს სიმშვიდისა და კეთილდღეობის რეცეპტი არის სწორედ ის, რაც გააკეთა აღმოსავლეთ ევროპამ, ბალტიისპირეთმა. რაც უფრო სწრაფად შევალთ ევროკავშირსა და ნატო-ში, მით უფრო მეტად იძულებული იქნება რუსეთი, აღიაროს, რომ საქართველო არის მეზობელი და არა ტერიტორია, რომელიც უნდა აკონტროლოს”- განაცხადა დავით ბაქრაძემ.