“ლეიბორისტული” პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ ის ტელეკომპანია “პირველმა” დაბლოკა.
“დაარსების დღიდან ტელეკომპანია “პირველი” ჩვენს საზოგადოებაში ასრულებს ტროას ცხენის როლს, გარკვეულ დონემდე, ნდობის მოსაპოვებლად, ვითომ აკრიტიკებს ხელისუფლებას, ხოლო კრიტიკულ წუთებში ასრულებს ივანიშვილის მაშველი რგოლის ფუნქციას. ამ სეზონზეც რასაც ველოდით იგივე მოხდა.
ამ ტელევიზიამ მთლიანად დამბლოკა, ყველა ნიუსისა და ჩვენი ღონისძიებების გაშუქება ჩამიგდო და ჰოი საოცრებავ, როდესაც დასჭირდათ დემოკრატიულობის იმიჯისთვის, უკვე საარჩევნო კამპანიის ბოლოს მიწვევენ “რეაქციის” პირდაპირ ეთერში რაზედაც უარი განვაცხადე. მე უდიდეს პატივს ვცემ ინგა გრიგოლიას, მაგრამ მას არ შეუძლია შეცვალოს იმ ტელევიზიის საინფორმაციო პოლიტიკა რომლის მფლობელიც ცნობილი სიგარეტის კონტრაბანდისტი, ყომარბაზ-ბიზნესმენი, ქართველი ხალხის დაუძინებელი მტერი, ჭუტა წერეთელი და კაზინო აჭარაბეთის მფლობელი, წაბლის ტყეთა გამანადგურებელი მკვლელი თემურ უგულავაა”, – წერს ნათელაშვილი.