აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი სამართალი

ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ გიორგი მერებაშვილს პატიმრობა შეეფარდა

ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადებაში ბრალდებულ გიორგი მერებაშვილს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.  თავად ბრალდებული წარდგენილ ბრალდებას არ იზიარებს.

„ვერ მივხვდი, ვერ გავიგე რა უკანონო ქმედება განვახორციელე. თქვენ მიერ ჩამოთვლილი პირები საერთოდ უცნობია ჩემთვის. არაფერს უკანონოს არ ვახორციელებდი და საერთოდ, მოსმენებს არ ვახორციელებდი, ამას შსს-ს ოპერატიულ-ტექნიკური სამსახური აწარმოებს. რაც შეეხება მიმალვას, არ მესმის რატომ უნდა მივიმალო“, – განაცხადა ბრალდებულმა გიორგი მერებაშვილმა.

წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს კიდევ ერთი ბრალდებული რევაზ შიუკაშვილი და აცხადებს, რომ არჩევნების წინ ბრალდების წარდგენა საეჭვო გარემოებააა. მისი თქმით, პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერი ფალსიფიცირებულია.

ადვოკატები მიიჩნევენ, რომ საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს და 2 წლის წინანდელი ჩანაწერების ახლა გასაჯაროება და ამის საფუძველზე პირების დაკავება მართებული არ არის.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გახსნილია ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტი.

პროკურატურის ცნობით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მომზადების ფაქტზე, დაკავებულია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოს პირველი სამსახურის ყოფილი უფროსი გ.მ., მეორე მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილეს ლ.ქ.-ს და ამავე სამმართველოს მეორე სამსახურის უფროსს რ.შ.-ს კი წარედგინათ ბრალდებები.

იტვირთბა....