ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ცხრა თვის მონაცემებით, 5000-ზე მეტი შემაკავებელი ორდერია გაცემული”

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის დირექტორმა ლონდა თოლორაიამ დეპარტამენტის მუშაობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ ცხრა თვის მონაცემებით, 5000-ზე მეტი შემაკავებელი ორდერია გაცემული.

ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდა ძალადობის რისკის შეფასების ინსტრუმენტი და შემაკავებელი ორდერის მონიტორინგის მექანიზმი, რაც განმეორებითი ძალადობის ადრეულ ეტაპზე პრევენციის შესაძლებლობას იძლევა.

როგორც თოლორაიამ აღნიშნა, რისკის შეფასების ინსტრუმენტისა და მონიტორინგის მექანიზმის პრაქტიკაში დანერგვის მიზნით, პოლიციის 10 000-მა თანამშრომელმა დისტანციური სწავლების კურსი გაიარა.

„ამ დროისთვის პარლამენტი განიხილავს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ოჯახური დანაშაულისა და დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაულისათვის სასჯელს გამკაცრებას ითვალისწინებს. ასევე, გამკაცრდა პოლიტიკა უწყების იმ თანამშრომელთა მიმართ, რომლებიც ოჯახში ძალადობაში არიან მხილებული ან არასათანადო რეაგირებას ახდენენ ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე“, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

მისი თქმით, 2018 წელს, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე არასათანადო რეაგირების გამო, დისციპლინური სახდელი დაეკისრა რვა პოლიციელს. ოჯახში ძალადობაში კი ამხილეს 16 პოლიციელი, რომელთა მიმართ (გამოძიების პარალელურად) გამოყენებულ იქნა დისციპლინური სახდელი, მათ შორის, სამსახურიდან დათხოვნა.

„გაიზარდა ოჯახური დანაშაულისა და ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ მომართვიანობა, რაც განპირობებულია სამართალდამცავი ორგანოების მიმართ ნდობის ამაღლებით. გაზრდილია გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების, აგრეთვე, გამოცემული შემაკავებელი ორდერების მაჩვენებელი: 2017 წელს გამოძიება დაიწყო 2828 საქმეზე, ხოლო 2018 წლის 9 თვეში – 4 339 საქმეზე.

2017 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 1986 პირის მიმართ, ხოლო 2018 წლის 9 თვეში – 3000-მდე პირის მიმართ. 2017 წელს გამოცემულ იქნა 4370, 2018 წელს კი – 5472 შემაკავებელი ორდერი;

ამასთან, შემცირდა შემაკავებელი ორდერის დარღვევის შემთხვევები. 2017 წელს შემაკავებელი ორდერების დარღვევის მაჩვენებელი იყო – 9%, 2018 წლის 9 თვეში – 6%, ხოლო 2018 წლის სექტემბერში (რისკის შეფასების ინსტრუმენტის ამოქმედების შემდეგ) – 4%;

გაიზარდა გამოძიების მიმდინარეობისას დისკრიმინაციული ნიშნისა და სიძულვილის მოტივის იდენტიფიცირების შემთხვევათა რაოდენობაც. 2017 წელს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 44 პირის მიმართ, 2018 წლის ცხრა თვეში კი სიძულვილის მოტივი გამოკვეთილ იქნა 100-მდე სისხლის სამართლის საქმეში;

გაუმჯობესდა ტრეფიკინგთან ბრძოლის მაჩვენებელი, რაც გამოწვეულია შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობის გააქტიურებით;

დაიწყო და მიმდინარეობს პოლიციის დანაყოფებსა და დროებითი მოთავსების იზოლატორში არასრულწლოვანთა ინტერესებზე მორგებული გარემოს მოწყობა“, – აღნიშნულია ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ანგარიშში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტმა სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს დეპარტამენტის მუშაობის ცხრა თვის ანგარიში წარუდგინა. შეხვედრა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ გახსნა.

ანგარიშის პრეზენტაცია ევროკავშირის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერითა და დაფინანსებით განხორციელდა.

ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი, შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემური განახლების ფარგლებში, 2018 წლის იანვარში შეიქმნა. დეპარტამენტი ოჯახური დანაშაულის, ქალთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციული ნიშნით და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის, ტრეფიკინგის, არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების მონიტორინგს ახორციელებს.

იტვირთბა....