საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, მთავრობის სხდომის წინ სპეციალურ ბრიფინგზე, საოკუპაციო რეჟიმის მიერ ხურვალეთიდან გატაცებული მაია ოთანიშვილისთვის ორთვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდებას გამოეხმაურა.
მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ ყველა შესაბამისი უწყება მუშაობს, რათა დროულად მოხდეს საქართველოს გატაცებული მოქალაქის დაბრუნება.
„სამწუხაროდ საოკუპაციო რეჟიმი განაგრძობს თავის აგრესიულ პოლიტიკას და ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვას. ჩვენ ჩვენს პარტნიორებთან ერთად და ამ შემთხვევაში მინდა ხაზი გავუსვა, ვცდილობთ რომ გვქონდეს მექანიზმები და ეს მექანიზმები ხშირ შემთხვევაში არის ძალიან ეფექტური, რომ მოვახდინოთ პრევენცია მსგავსი შემთხვევების.
24-საათიან რეჟიმში მუშაობს ქეთი ციხელაშვილის აპარატი, ისევე როგორც შესაბამისი ორგანოები და რაც მთავარია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, რომ უახლოეს საათებში ჩვენი მოქალაქე დაუბრუნდეს თავის შვილებს და თავის ოჯახს.
ძალიან მძიმე შემთხვევას აქვს ადგილი, ამასაც მინდა ხაზი გავუსვა. შესაბამისად, ჩვენ მოვახდინეთ ყველა რესურსის მობილიზაცია, მათ შორის საერთაშორისო თანამეგობრობის, რომ ჩვენი მოქალაქე, რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს თავის ოჯახს,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
შეგახსენებთ, სოფელ ხურვალეთთან ე.წ. მესაზღვრეების მიერ დაკავებულ 37 წლის მაია ოთინაშვილი 29 სექტემბერს გაიტაცეს, გუშინ კი საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. უშიშროების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, საიდანაც ცნობილი ხდება, რომ საქართველოს მოქალაქეს 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდეს.