ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი გაერთიანებული ოპოზიციის შეკრებაზე, ფილარმონიაში მივიდნენ. მათ დარბაზი ოვაციით შეხვდა. შვილმოკლული მამები მხარს უჭერენ გრიგოლ ვაშაძეს, პრეზიდენტობის კანდიდატს. ისინი შეკრებაზე სიტყვით გამოვიდნენ და ხალხს მიმართეს და სთხოვეს, რომ გაერთიანდნენ სიმართლისთვის.
„მე და ბატონი სარალიძე უკვე რვა თვეა, ქუჩაში ვართ და სამართალს ვერ ვპოულობთ ამ ხელისუფლების ხელში. ქუჩაში ვართ მშივრები, მწყურვალები, ეს არაფერია, ჩვენ ყველაფერს ავიტანთ. რა დროც იქნება საჭირო, იმდენი ხანი გავუძლებთ, არაფერი შეგვაშინებს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ სისხლიანმა რეჟიმმა აგოს პასუხი ყველა იმ დანაშაულზე, რაც არის ჩადენილი ჩემს მიმართ, პანკისის ხეობის და ქისტი დების და ძმების წინააღმდეგ, მუხანათურად, ღალატურად”. – განაცხადა თემირლან მაჩალიკაშვილმა.
მისი განცხადებით, თემირლან მაჩალიკაშვილი ტერორისტი არ ყოფილა, ხოლო ის და ზაზა სარალიძე იბრძვიან, რომ მისი შვილების მკვლელობაში გარეული პირები სათანადოდ დაისაჯონ. მაჩალიკაშვილს ქართველი ხალხის მხარდაჭერის იმედი აქვს.
“დიდი სიყვარულით, სიმწრით გავზარდე თემირლანი 19 წელი, მაგრამ უსაფრთხოების სამსახურმა ამ ყველაფერს წერტილი დაუსვა და ამომძირკვა დედაბუდიანად. მე და ბატონმა ზაზა სარალიძემ ერთად დავიწყეთ ბრძოლა. ყველამ ვიცით, რა დღეშია ბატონი სარალიძე. მისი შვილი არის მოკლული, მაგრამ მკვლელი არსად ჩანს. აქ ჯაჭვია. თუ დაადგინეს მკვლელი, ამ სასტიკ დანაშაულს ბევრი ადამიანი ჩაჰყვება. მე ქართველი ხალხის დიდი იმედი მაქვს, ღრმად ვარ დარწმუნებული, დაისჯება ყველა ის ადამიანი, ვინც ამოისვარა სისხლში ხელები. მათი ადგილი ხელისუფლებაში არ არის. მე ასეთი ხელისუფლება არ მინდა. ძალა ერთობაშია, ჩვენ ყველანი ერთად შევქმნით სახელმწიფოს, ჩვენი შვილებისთვის და ჩვენი მომავლის საპატივცემულოდ. საქართველო იქნება ღირსეული ქვეყანა,“ – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.