“გირჩი” “რუსთავი 2-ის” მიერ გამოქვეყნებულ პოლიტიკურ კვლევას ეხმაურება:
“რუსთავი 2-ის კვლევით „გირჩს“ და ჯაფარას აქვს რეიტინგი 2%!
საქართველოში სულ არის მითქმა-მოთქმა კვლევების სანდოობასთან დაკავშირებით, რადგან პარტიების მიერ შეკვეთილი კვლევების შედეგები არასოდეს ემთხვევა რეალურ შედეგებს. “გირჩს” აქამდე არ გვქონია საშუალება ზუსტად გაგვეზომა ჩვენი რეიტინგი და გულწრფელად გვეთქვა სიმართლე საზოგადოებისთვის. ვფიქრობთ, ეს არჩევნები ყველა კვლევაზე უკეთ დაგვანახებს სურათს და ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს მასში გირჩის ყველა მხარდამჭერის მონაწილეობას.
თუმცა, ყველა იმ ადამიანის ან ორგანიზაციისთვის, მათ შორის, პირველ რიგში, კვლევის ავტორების და შემკვეთებისთვის, რომელთაც საკუთარი თვალით აქვთ ნანახი რეალობა, სჯერათ ამ კვლევის შედეგების უტყუარობის და წარმოაჩენენ მათ, როგორც ჭეშმარიტებასთან მიახლოებულს, გვაქვს ასეთი შეთავაზება:
მოდით, მოვაწყოთ მარტივი ტოტალიზატორი და დავდოთ ფსონი:
ჰანდიკაპს გაძლევთ,
თუ ჯაფარა იღებს 5%-ზე ნაკლებს, იგებთ თქვენ, რაც ნიშნავს, რომ დამატებით მიიღებთ დადებული თანხის 100%-ს. ანუ “გირჩის” წაგებაზე კუში არის 2.0. თუ ჯაფარა 5%-ს ან კვლევაში ნაჩვენებზე მინიმუმ ორნახევარჯერ მეტს იღებს, დადებული თანხა ჩვენია.
თუ კვლევის გჯერათ, დადეთ!
თანხის დადება შეგიძლიათ ჩვენს ანგარიშზე: GE60TB7791136080100005 და დანიშნულებაში მიუთითეთ „ფსონი“.
მინიმალური ფსონი არის 1000 ლარი.
პატივისცემით,
“გირჩი”, – ნათქვამია განცხადებაში.
გრიგოლ ვაშაძე – 22% , დავით ბაქრაძე – 18% , სალომე ზურაბიშვილი – 15% ასეთია მასშტაბური სოციოლოგიური კვლევის შედეგები, რომელიც „რუსთავი2“-ის დაკვეთით , საერთაშორისო ორგანიზაცია „Edison Research”-მა ჩაატარა. შედეგები “რუსთვი2-მა” თავად გამოაქვეყნა.
პირისპირ ინტერვიუს საფუძველზე 14-დან 23 სექტემბრის ჩათვლით სულ 3 000 რესპოდენტი გამოიკითხა, კვლევის ცდომილება კი 2%-ია.
შეკითხვაზე – დღეს რომ არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას? პასუხები ასე გადანაწილდა:
გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატს გრიგოლ ვაშაძე ხმას 22% მისცემდა.
„ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატს დავით ბაქრაძეს – 18%
დამოუკიდებელ , თუმცა „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს ხმას არჩევნებზე გამოკითხულთა 15 პროცენტი.
„ლეიბორისტული“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატს შალვა ნეთალაშვილს -8%
„შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატს დავით უსუფაშვილს ხმას კვლევის მიხედვით 3%
„გირჩის” საპრეზიდენტო კანდიდატს ზურაბ ჯაფარიძეს ხვალ რომ არჩევნები იყოს ხმას კვლევის მიხედვით, 2% მისცემდა.
სხვა კანდიდატს – 7%
კითხვაზე არ ვიცი ან არ უპასუხა 25%-მა.