„ჰუმანიტარული, სოციალურ-ეკონომიკური და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილი უმძიმესი პირობების გამო ოკუპაციამდელ პერიოდთან შედარებით, 4-ჯერ, 5-ჯერ არის შემცირებული მოსახლეობის რაოდენობა ოკუპირებულ რეგიონებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა მამუკა ბახტაძემ გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ბახტაძის თქმით, მავთულხლართები და სხვა ხელოვნური ბარიერები ერთმანეთს აშორებს ოჯახებს და არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს.
„ჰუმანიტარული, სოციალურ-ეკონომიკური და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილი უმძიმესი პირობების გამო ოკუპაციამდელ პერიოდთან შედარებით, 4-ჯერ, 5-ჯერ არის შემცირებული მოსახლეობის რაოდენობა ოკუპირებულ რეგიონებში. მავთულხლართები და სხვა ხელოვნური ბარიერები ერთმანეთს აშორებს ოჯახებს და არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს. საოკუპაციო ხაზებთან მცხოვრებ მოსახლეობას სალოცავებისა და წინაპართა საფლავების მონახულების საშუალებაც კი არ ეძლევა.
ჩვენს მოქალაქეებს უკრძალავენ, მშობლიურ ენაზე მისცენ განათლება საკუთარ შვილებს. გრძელდება გატაცების, არაადამიანური და სასტიკი მოპყრობის, წამებისა და მკვლელობის ფაქტები. ამის მსხვერპლი ბოლო ხანს გახდნენ ჩვენი მოქალაქეები არჩილ ტატუნაშვილი, გიგა ოთხოზორია, 18 წლის დავით ბაშარული. სწორედ ამ და სხვა სასტიკი დანაშაულებების საფუძველზე შეიქმნა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“, რომელშიც ჩაიწერა ამ დანაშაულებების ჩამდენი პირების გვარები. ამ სიის ფიგურანტებს საერთაშორისო სამართლით უნდა მოეთხოვოთ პასუხი”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.