პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, კლუბ “ბასიანში” ჩატარებული სპეცოპერაციის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი ხელოვნურად იყო შექმნილი.
მან ინგა გრიგოლიას გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა, რომ კლუბში სპეცრაზმის შესვლის შემდეგ თბილისის არც ერთ კლუბში ახალგაზრდების მიერ ნარკოტიკების მოხმარების გამო, ფატალური შედეგი აღარ დამდგარა:
“იქ იყო ფატალურად საქმე. რამდენიმე ათასი ახალგაზრდა დაიღუპა იმის გამო, რომ კონკრეტულ კბუბებში ისინი ყიდულობდნენ ისეთ საშუალებას, რომ იწვევდა მათ სიკვდილს. ბუნებრივია, სახელმწიფოს აქვს იმის საშუალება, რომ აღკვეთოს ასეთი ვითარება. შევიდა შსს ბასიანში, ისე, რომ ერთი თმის ღერი არავის ჩამოვარდნია. ამას მოჰყვა აქციები. გასაგებია, რომ იქ იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ საკუთარი ბიზნეს ინტერესი. იყვნენ ასევე ახალგაზრდები, რომლებიც აბსოლუტურად გულწრფელად იდგნენ იმ აქციაზე. შეიქმნა ხელოვნურად აჟიოტაჟი და ამ რეჟიმში იცხოვრა ქვეყანამ დაახლოებით 1 კვირის განმავლობაში. სინამდვილეში გაირკვა, რომ იყო ფატალური შემთხვევები, სახელმწიფოს პასუხისმგებლობა იყო ამის აღკვეთა, თმის ღერი არავის ჩამოვარდნია და შედეგი იყო ის, რომ თბილისში არც ერთ კლუბში ფატალური შედეგი აღარ დამდგარა”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, კლუბ “ბასიანში” სპეცრაზმი შევიდა, რასაც მოჰყვა საზოგადოების პროტესტი, ფართომასშტაბიანი აქციები, დაიხურა კლუბი და დააკავეს რამდენიმე ადამიანი ნარკოდანაშაულის ბრალდებით. კლუბი ბასიანი რამდენიმე დღის შემდეგ კვლავ გაიხსნა.