ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

არასამთავროების თქმით მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაციის გასაჯაროებით კანონმდებლობა დაირღვა

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ივანე მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გასაჯაროებასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და აცხადებენ, რომ სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა არსებული კანონმდებლობა დაარღვია.

„შეშფოთებას გამოვთქვამთ 2018 წლის 24 სექტემბერს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც უხეშად არღვევს, როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ისე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციით დაცულ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს“ – აცხადებენ არასამთავრობოები.

არასამთავრობოების განცხადებით, კონფიდენციალური ხასიათის სამედიცინო ინფორმაციის გასაჯაროება პენიტენციურმა სამსახურმა მაღალი საჯარო ინტერესითა და პოლიტიკური სპეკულაციების თავიდან აცილებით ახსნა.

„სპეციალური პენიტენციური სამსახურის ქმედებით ივანე მერაბიშვილის მიმართ დაირღვა როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული პრინციპები პერსონალური, მათ შორის, სამედიცინო ხასიათის ინფორმაციის დაცვის თაობაზე, ასევე, საერთაშორისო სტანდარტებით, მათ შორის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცვის უფლება.

მოვუწოდებთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს შეისწავლოს ივანე მერაბიშვილის პერსონალური ინფორმაციის უკანონო გამჟღავნების საკითხი და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება;

მოვუწოდებთ სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტს, განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდონ მსჯავრდებულ ი. მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თაობაზე

გამოთქმულ ვარაუდებს, მსჯავრდებულს უმოკლეს ხანში ჩაუტარონ ყველა შესაბამისი გამოკვლევა და უზრუნველყონ მისი ადეკვატური მკურნალობა“, – აცხადებენ არასამთავრობოები: დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD); საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI); წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“ (RCT/Empathy); ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის (RIVG);ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI); ადამიანის უფლებათა ცენტრი; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA) და კონსტიტუციის 42-ე მუხლი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა კი, საქართველოს ყოფილი პრემიერისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადება გაავრცელა, რომელშიც კატეგორიულად უარყო გავრცელებული ინფორმაცია.

იტვირთბა....