„ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა და საქართველოს მთავრობას მოუწოდა, რომ ნუ დაელოდებიან ევროსაბჭოს მინისტთა კომიტეტის დეკემბრის სხდომას და გაათავისუფლონ ვანო მეაბიშვილი.
როგორც კახიძემ აღნიშნა, ევროსასამართლოს უკვე დადგენილი აქვს ვანო მერაბიშვილის მიმართ ევროკონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა, რაც პირდაპირ ნიშნავს, რომ ის პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს.
„როგორც მოგეხსენებათ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილის საქმეზე, სადაც დადგინდა ევროკონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა. აღნიშნული დარღვევა ნიშნავს, რომ მერაბიშვილი პატიმრობაში ჰყავდათ ხელისუფლების წარმომადგენლებს არალეგიტიმური მიზნებით. ეს არის კონვენციის ყველაზე მძიმე დარღვევა, დგინდება ყველაზე იშვიათად და არის ე.წ. პოლიტპატიმრების მუხლი.
ყველასთვის ნათელია, თუ რა სიმძიმის დარღვევაა ეს და ამავე დროს მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა ხელისუფლებები ამ დარღვევას პასუხობენ პატიმრის გათავისუფლებით, სულ ახლახანს გათავისუფლდა ილგარ მამადოვი, რომელთანაც ასევე იგივე მუხლით დადგინდა ევროკონვენციის დარღვევა, მანამდე გათავისუფლდა ჯაფაროვი, ტიმოშენკო-ლუცენკოს საქმეებშიც მე-18 მუხლი იყო დარღვეული. ერთადერთ პატიმარი, რომლის მიმართად დადგენილია მე-18 მუხლის დარღვევა და პატიმრობაში რჩება, არის ვანო მერაბიშვილი.
მნიშვნელოვანია, რომ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ჩასვა მიმდინარე წლის დეკემბრის დღის წესრიგში აღნიშნული საქმის აღსრულება. მთავრობა ვერ აცნობიერებს ამ დარღვევის სიმძიმეს, ყველანაირად ცდილობს გააჭიანუროს მერაბიშვილის პატიმრობაში დატოვება, მიუხედავად იმისა, რომ თავად ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის განმარტებით, ყველა პატიმარი, ვისზეც მე-18 მუხლის დარღვევა დადგინდა, გათავისუფლდა პატიმრობიდან. სწორედ ეს ჩაუწერა მამადოვის საქმეზე კომიტეტმა მაშინ, როდესაც სანქციებით დაემუქრა ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანს.
ამიტომ მე მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, ნუ დაელოდება ევროსაბჭოს მინისტთა კომიტეტის სხდომას, თავად გადადგას ნაბიჯები, რომელიც აუცილებელია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესასრულებლად. ეს ნაბიჯები არის პირველ რიგში მერაბიშვილის გათავისუფლება და შემდეგ ყველა იმ პირის პასუხისგებაში მიცემა, რომელიც მისი უფლებების დარღვევაში მონაწილეობდა. ეს გადაწყვეტილება მიღებულია 18-20 სექტემბრის სხდომაზე და ოფიციალურად არის გამოქვეყნებული ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტრის ვებ-გვერდზე“ – განაცხადა ოთარ კახიძემ.