ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სოციალურ ქსელში “ომეგა ჯგუფთან” დაკავშირებით გავრცელებულ ჩანაწერზე სოციალურ ქსელში პოსტს წერს და აცხადებს, რომ მისი გვარი უკანონოდაა გამოყენებული.
“გუშინ და დღეს მე მოვისმინე აუდიოჩანაწერები, რომელშიც ისმოდა ჩემი გვარი და გამოყენებულია ჩემი გვარი აშკარად უკანონო გამოძალვისთვის. ეს ჩემთვის არის აბსოლუტურად მიუღებელი. აბსოლუტურად ვემიჯნები მთელ ამ პროცესს. ჩემი ადვოკატი გააკეთებს ჩვენს იურიდიულ ქმედებებზე განცხადებას. ჩვენ აუცილებლად გადავდგამთ ნაბიჯებს და მივმართავთ როგორც სასამართლოს პატივისა და ღირსების შელახვისთვის, ასევე პროკურატურას – თაღლითობის ნაწილში.
მე კატეგორიულად მოვითხოვ და ვთხოვ პროკურატურას, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ამ საქმის და საკითხის გამოძიება. აქვე მინდა ვთქვა, რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი სახელი და რეპუტაცია, რომლის შელახვასაც სხვადასხვა დაინტერესებული ადამიანები თუ ჯგუფები, მათ შორის ძალიან გავლენიანი ადამიანები ცდილობდნენ ადრეც და ცდილობენ ახლაც.
მე ვფიქრობ, რომ იქნება ორი იურიდიული ქმედება: ერთი სავარაუდოდ, ზაზა ოქუაშვილის მიმართ ჩემი სახელის და რეპუტაციის შელახვის გამო და მეორე – ლევან ყიფიანთან მიმართებაში.
მე ჩემს გადაწყვეტილებებში ყოველთვის ვხელმძღვანელობდი ქვეყნის ინტერესებით და ყველა ჩემი ნაბიჯი ქვეყნის ინტერესებიდან გამოდიოდა. ყოველთვის ვებრძოდი სახელმწიფოს ხარჯზე გამდიდრების მოსურნე ადამიანების არაჯანსაღ ინტერესებს და სხვათაშორის, დიდწილად სწორედ ამას ვუკავშირებ ჩემს მიმართ წარმოებულ შავ პიარს.
ამ კონკრეტულ საკითხზე მინდა ვთქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ „ომეგა ჯგუფს“ აქვს მრავალმილიონიანი დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტში და რა თქმა უნდა, ყველამ უნდა გადაიხადოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადები, თუ ვინმე ამას იყენებს პირადი გამდიდრებისათვის ან პირადი სარგებლის მიღებისათვის, მან აუცილებლად უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე”, – წერს ქუმსიშვილი.
შეგახსენებთ, რომ “კურიერმა” ახალი ჩანაწერი მოიპოვა. აუდიოჩანაწერიდან ირკვევა, რომ „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლებს მინისტრებისთვის ძვირადღირებულ მანქანებს სძალავდნენ.
„კურიერის“ მიერ მოპოვებულ ჩანაწერში „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ლევან ყიფიანი და „ომეგა ჯგუფის“ მენეჯმენტის წარმომადგენლები საუბრობენ.
ლევან ყიფიანი ორი მინისტრისთვის, ნოდარ ხადურისა და დიმიტრი ქუმსიშვილისთვის, ძვირადღირებულ მანქანებს და ფულს ითხოვს.