საპარლამენტო უმრავლესობისა და დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრს ანრი ოხანაშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ მიმართა და აღნიშნა, რომ მისი საუბარი ნამდვილად არ ფენს შუქს ხორავას საქმეს.
გოცირიძემ ოხანაშვილს საგამოძიებო კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით რამდენიმე შეკითხვით მიმართა.
„თითქოს ისეთი რამ მოგვახსენეთ, რომელიც შუქს ფენდეს ამ საშინელ დანაშაულს. ჩემი პირველი შეკითხვა ასეთია: თქვენ იცით, ვინ არის ამ ერთ-ერთი ახალგაზრდის მკვლელი? თქვენი წარმომადგენლები, კომისიის წევრების ნაწილი გუშინ საუბრობდა, რომ კომისიის დასკვნა არის არაკომპეტენტური, ვინაიდან ამ კომისიამ შეითავსა პროკურორის ფუნქცია და ფაქტობრივად ხელი დაადო მკვლელს. მეორე ნაწილი კომისიას ადანაშაულებდნენ იმაში, რომ კომისიამ ვერ გამოიძია ეს პროცესი და დღემდე არ არის დადგენილი დამნაშავეო. ზუსტად იმეორებდნენ თეა წულუკიანის განცხადებას, რომელიც საყვედურობდა კომისიას, თუ სად იყო მათ მიერ გამოძიებული მკვლელობა და დასცინოდა კომისიის მუშაობას. ჩამოყალიბდით საბოლოოდ, კომისიის ამოცანა რა იყო? უმრავლესობის წევრები კომისიაში ხართ შეთანხმებული ერთმანეთთან? ბოლოს და ბოლოს, იყო თუ არა ამ კომისიის ამოცანა მკვლელის დადგენა? თქვენ მართლა მიგაჩნიათ, რომ ყველაფერი გამოუძიებელი იყო მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ეს რთული საქმე იყო?“ – განაცხადა გოცირიძემ.
თავის მხრივ, ოხანაშვილმა გოცირიძის საპასუხოდ განაცხადა, რომ არ თვლის საჭიროდ მის მიერ დასმულ კითხვებს უპასუხოს.
„ბატონო, რომან, მესმის, რომ თქვენ სამართლებრივ საკითხებში ვერ ერკვევით, მაგრამ თუ ვინმე სპეციალისტს ჰკითხავთ, აუცილებლად აგიხსნით. თქვენ ხართ იმ სამარცხვინო გუნდის წევრი, რომელმაც დადგენილებებს, რომელიც ჩამოვთვალე, მხარი არ დაუჭირა. შესაბამისად, არ ვთვლი საჭიროდ, თქვენ საერთოდ რამეზე გიპასუხოთ. თუ რაიმე გაინტერესებთ, წერია დოკუმენტში, რომელიც შევიმუშავეთ. ჩვენ დავადგინეთ იმაზე მეტი, ვიდრე დაადგინა „ევროპულმა საქართველომ“ – აღნიშნა ოხანაშვილმა.