პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მამა დავით ისაკაძემ განაცხადა, რომ კატეგორიულად მიუღებელია მარიხუანასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება
„პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ არანაირი პოლიტიკური ან პიროვნული კონფრონტაცია ჩვენ არ გაგვაჩნია. ჩვენ არა მარტო ნარკოდამოკიდებულ პიროვნებებზე ვფიქრობთ, რადგან ყველა წარვდგებით ღვთის სამსაჯვროზე. რაც შეეხება ჩვენს პოზიციას ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებულ ახალ კანონებსა და კანონპროექტებზე, კატეგორიულად მიუღებელია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მარიხუანას მოხმარება, ფლობა, გასაღების დაშვებასთან დაკავშირებით.
გასაღება – შეცდომით ეს არ მიხსენებია, რადგან ნარკოდამოკიდებული ადამიანი იტყვის, რატომ უნდა ვიარო მე ფონიჭალაში, როცა ნარკოტიკის მოხმარება არ არის დასჯადი, მომეცით საშუალება აქვე, ახლოს, მაღაზიაში შევიძინო. რა პასუხს ვაძლევთ ასეთ ადამიანს, არა ამის მაღაზიაში დადება შეუძლებელია, თუ რა, წეროები მოგიტანთ თბილი ქვეყნებიდან ნარკოტიკებს? ან ახლა რომ ვსაუბრობთ, რომ 21-წლამდე დასჯადია მარიხუანას მოხმარება, 18-19 წლის ახალგაზრდა ვერ ააღებინებს უფრო მოზრდილ ადამიანს და ვინ გააკონტროლებს ამას, ან რას ნიშნავს პირად სივრცეში დაშვებულია ნარკოტიკების მოხმარება, ან რას ნიშნავს სამსახურში არ შეიძლება და შვებულების დროს შეიძლება. ნუთუ, თქვენ იმდენად გულუბრყვილონი ხართ და არ იცით, რომ ნებისმიერი ნარკოტიკის მოხმარება იწვევს დამოკიდებულებას და ამას მეცნიერები ამბობენ“ – აღნიშნა მამა დავით ისაკაძემ.
მისივე თქმით, ნარკომომხმარებელი ციხეში არ უნდა მიდიოდეს და მას სჭირდება მკურნალობა.
„რატომ ღებულობს, რატომ ხდება ასეთი გლობალური საკითხების გადაჭრა რამდენიმე ადამიანის მიერ და რატომ არ ხდება ასეთი საკითხების ფართო სამსჯავროზე გამოტანა და შემდეგ რატომ არ ეძლევათ საშუალება, საზოგადოების გადაწყვეტილებას მიეცეს გასაქანი და არა ის, რომელიც გადაწყვიტა საკონსტიტუციო სასამართლოში ოთხმა ადამიანმა. ეს რეგულაციები გარკვეულწილად კი ეხმარება, რომ რაღაც სივრცეში, ჩარჩოებში მოექცეს ეს პრობლემა, მაგრამ აქ არის ასეთი ეჭვი, რომელიც ჩვენ გვიჩნდება, ხომ არ ხდება ლეგალიზაციასთან დაკავშირებული საკითხის სხვა სივრცეში გადატანა, რომ ლეგალიზაცია უკვე დაკანონებულია და მოდით, ახლა ჩვენ რეგულაციებზე ვისაუბროთ.
ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა, რომ ნარკომანია ნორმად არ ვაქციოთ არც 21 წლის ზევით ადამიანებზე. უნდა იყოს მკაცრი კანონმდებლობა ამასთან დაკავშირებით, ოღონდ ერთი პოზიცია გვაქვს – არ უნდა მიდიოდეს ნარკომომხმარებელი ციხეში, არამედ მას სჭირდება მკურნალობა, როგორც ავადმყოფ ადამიანს. ამისათვის უნდა არსებობდეს ჯანსაღი ცხოვრების ალტერნატიული საშუალებები და უნდა არსებობდეს გამაჯანსაღებელი ცენტრები, ამაზე უნდა იმუშაოს ხელისუფლებამ“ – აღნიშნა მამა დავით ისაკაძემ.