საქართველოში ამის დანერგვა გენოფონდის მოსპობას ნიშნავს. დროებითი გადადების საჭიროება არ არის, პარლამენტიდან ამ ანტისახელმწიფოებრივი პროექტის პირდაპირი გაწვევა უნდა მოხდეს. თუ ვინმეს მიზანი აქვს, რომ საქართველო კოლუმბიად ან ავღანეთად გადააქციოს, ვურჩევ, წავიდეს და იქ იცხოვროს, – ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ირმა ინაშვილმა ჟურნალისტებთან კანაფის კულტივაციის თემის კომენტირებისას განაცხადა. ინაშვილის კომენტარს “1ტვ” ავრცელებს.
“სამარცხვინო პარალელია. ისრაელს შევედაროთ იმაში, როგორ უნდა გვიყვარდეს ქვეყანა და სახელმწიფო ინტერესებს როგორ უნდა ვიცავდეთ. ისრაელს სამხედრო და სამედიცინო ტექნოლოგიებში შევედაროთ და არა – პლანის პლანტაციების გაშენებაში. მთავრობის დამტკიცებისას არავის უსაუბრია იმაზე, რომ პლანის პლანტაციების გაშენებას აპირებდნენ”, – განაცხადა ინაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ შსს-მ საკანონმდებლო ორგანოს წარუდგინა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც სამედიცინო მიზნით, მოხდება კანაფის კულტივაცია და შემდგომ ექსპორტი. კანაფის კულტივაცია კი ლიცენზიის საშუალებით იქნება შესაძლებელი.