სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში სტატუს წერს, სადაც ის ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ლომჯარია საპატრიარქოს ჯავახეთის ქ. ნინოწმიდის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლიდან გამოაგდეს, რადგან ის გახრწნილი ცხოვრების პროპაგანდას ეწევა.
“ახალი არ არის, რომ ჩემ მიმართ დეზინფრმაციულ კამპანიას მიზანმიმართულად ეწევიან გარკვეული ჯგუფები, თუმცა, გუშინდელ ფაქტს რამოდენიმე მიზეზის გამო მინდა გამოვეხმაურო: პირველ რიგში, მიმაჩნია, რომ საპატრიარქოს წარმომადგენლებს და სასულიერო პირებს სხვებზე მეტად მოეთხოვებათ არ გაავრცელონ პირის მიმართ ცილისმწამებლური ინფორმაცია და ცრუ ბრალდება და ხელი არ შეუწყონ სიძულვილისა და აგრესიის გაღვივებას, მით უფრო, როცა მსგავსი ინფორმაციის გავრცელებას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისეთი მუქარებიც მოსდევს, როგორიცაა – ტყვიის შუბლში დახლა, გინება და ფიზიკური ანგარიშსწორება და ა.შ. რაც წესით, რელიგიური და მორწმუნე ადამიანისთვის და მითუმეტეს საპატრიარქოს წარმომადგენლებისთვის მიუღებელი უნდა იყოს, თუმცა, სამწუხაროა, რომ თუნდაც ამ პოსტის ქვეშ არსებულ მსგავსი მუქარების მიმართ, როგორც ჩანს, პოსტის ავტორები შემწყნარებლები რჩებიან. მინდა დავამატო, რომ სახალხო დამცველის მიმართ საპატრიარქოში არსებულ ყველა შეკითხვაზე ვრცლად ვისაუბრე საპატრიარქოს ტელევიზიაში, რომელთა მიწვევასაც სიამოვნებით დავთანხმდი, რადგან მესმის, რომ შესაძლებელია კითხვები არსებობდეს სახალხო დამცველის საქმიანობის მიმართ და მიმაჩნია, რომ ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით სახალხო დამცველის და საპატრიარქოს თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, სამწუხაროა, რომ გადაცემის ჩაწერიდან 3 თვის შემდეგაც კი გადაცემა ეთერში ვერ გავიდა, მიუხედავად იმისა, რომ მალევე უნდა გასულიყო…
თუმცა, ჩემ მიმართ აგორებული კამპანია მეორეხრისხოვანია იმ ზიანთან მიმართებით, რასაც მსგავსი შემთხვევები იწვევს და მინდა გუშინდელ ფაქტთან დაკავშრებით განმარტება გავაკეთო: სახალხო დამცველის ბავშთა ცენტრის წარმომადგენლები წლებია ახორციელებენ ყველა რელიგიური კონფესიის მიერ შექმნილი ბავშთა პანსიონების რეგულარულ მონიტორინგს. მონიტორინგის მეთოდოლოგია გულისხმობს პანსიონში მცხოვრებ ბავშვებთან უშუალო გასაუბრებასაც, რადგან ბავშვის უშუალო მონაწილეობისა და ჩართულობის, მისი აზრის, განწყობების, წუხილების, სურვილების გათვალისწინების გარეშე არ უნდა შეფასდეს ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა. 12 სექტემბერს ნინოწმინდის პანსიონშიც ჩვენ მონიტორინგი როგორც ყოველთვის, დაუბრკოლებლად განვახორციელეთ, თუმცა, როდესაც მონიტორინგის წევრებმა სცადეს ბავშვებს უშუალოდ, უფროსების თანდასწრების გარეშე გასაუბრებოდნენ, პანსიონის ხელმძღვანელობან მათ ამის საშუალება არ მისცეს. გამომდინარე იქიდან, რომ მონიტორინგი დასრულებული იყო, ჩვენმა წარმომადგენლებმა პანსიონი დატოვეს. ცოტა ხანში ეს განცხადებაც გავრცელდა…
‼️ამ ისტორიაში ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არა ის ფაქტია, ვინ რა ცილისმწამებლურ განცხადებას ავრცელებს თუნდაც ჩემი ან ჩემი აპარატის თაობაზე, არამედ, ის, თუ რატომ არ ისურვეს პანსიონის ხელმძღვანელობამ მიეცათ ბავშვებისთვის შესაბამისი კვალიფიკაციის და გამოცდილების მქონე ჩვენი წარმომადგენლებისთვის დამოუკიდებლად გასაუბრების საშუალება. პანსიონის წარმომადგენლებმა ძალიან კარგად იციან, რომ ჩვენ არასოდეს გაგვიწევია ან ვეწევით რაიმე პროპაგანდას, მითუმეტეს ბავშვებთან. შესაბამისად, ბუნებრივად მიჩნდება კითხვა, რატომ არ სურს ვიღაცას ბავშვებმა ჩვენთან პირისპირ ისაუბრონ? ამის საპასუხოდ და ამ ფაქტის გადასაფარად აგორებული ცილისმწამებლური კამპანია, უბრალოდ, რბილად რომ ვთქვათ, გულსატკენია და სახიფათოც…
ჩემთვის, როგორც სახალხო დამცველისთვის, ბავშვთა უფლებების დაცვა არის და იქნება ყველაზე პრიორიტეტული მიმართულება და ჩვენ ეს არაერთხელ დავამტკიცეთ. იმედს გამოვთქვამ, რომ ეს ფაქტი არ წაახალისებს მათ შორის სხვა რელიგიური კონფესიების ბავშვთა პანსიონატების წარმომადგენლებს, ხელი შეგვიშალონ მონიტორინგის განხორციელებაში (ისევე, როგორც ეს წლების წინ ხდებოდა). იმედი მაქვს საპატრიარქო მომხდართან დაკავშირებით რეაგირებას მოახდენს”, – წერს ლომჯარია.