იმის თქმა, რომ მარიხუანას ექსპორტიდან ბიუჯეტში შევა თანხა და იქიდან მერე სახსრები საპატრიარქოში გადანაწილდება, არის ტრაგედია და ამაზე გაჩუმება არ ღირს. ლეგალიზაციასთან დაკავშირებით მიღებული კანონი არ იყო მომგებიანი საზოგადოებისთვის და სახელისუფლებო გუნდშიც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, ამის შესახებ მამა პეტრემ “მეტრონომს” მარიხუანას ექსპორტის თემის კომენტირებისას განაცხადა.
მამა პეტრეს აზრით, აუცილებელია კანონის ცვლილება და ლეგალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლა.
“მთელი ერი არის “დაბოლილ” მდგომარეობაში და ახალგაზრდობა, პრაქტიკულად, დაღუპულია. ბიუჯეტში რაც არ უნდა თანხები შევიდეს, ყველაფერი ჩვენი ერის საწინააღმდეგოდ მიმართული კამპანიაა. უბედურების ხარჯზე განვითარებული ეკონომიკა, არასდროს არ იქნება ჩვენი ქვეყნის წინსვლის საწინდარი. მე არ მგონია, რომ საპატრიარქო მხარს უჭერდეს მარიხუანას ექსპორტის შედეგად გაზრდილ ბიუჯეტს და შემდგომ აქედან სახსრების მიზიდვას. არ მგონია, ამას ვინმე ნორმალური საუბრობდეს.
დღეს გადავხედე და დავაკვირდი, რომ საპატრიარქომ ეს ფაქტი დაგმო. რაც უფრო მეტს ვიხმაურებთ და ვისაუბრებთ ნეგატიურ მხარეებზე, მით უფრო დაჩქარდება კანონის ცვლილება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ძალიან ცუდ შედეგს გამოიღებს საზოგადოების ყველა ფენისთვის და განსაკუთრებით, ეკლესიისთვის. ეკლესიას ისედაც კრიჭაში უდგას საზოგადოება და ჩვენდა სამწუხაროდ, ეკლესიას ისედაც ბევრი აქვს გასაკრიტიკებელი. სახელმწიფოს ეკლესიას თანხები ისედაც არ აკლია. საეკლესიო სტრუქტურას უფრო მეტად აინტერესებს ჯანსაღი მრევლი, ვიდრე “დაბოლილი” მრევლისგან მიერ ბიუჯეტში შეტანილი თანხებისგან მიღებული დაფინანსება. სახელმწიფო ისედაც ვალდებულია, რომ ეკლესიას თანხა გადაურიცხოს”, – განაცხადა მამა პეტრემ.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამთავრობო გუნდს წარუდგინა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც მარიხუანას წარმოებული მედიკამენტები უცხოეთში ექსპორტზე გავა..
დღეს მღვდელმთავრებმა მარიხუანის თემასთან დაკავშირებით კონფერენციაზე იმსჯელეს. ეკლესია მარიხუანის კულტივაციასა და მოხმარების ლეგალიზაციას ეწინააღმდეგება. შეხვედრაზე მთავრობის მისამართით ულტიმატუმებიც გაისმა. მეუფე იაკობმა ხელისუფლება გააფრთხილა, რომ კანონის მიღების შემთხვევაში, ეკლესია საკუთარ ძალას აჩვენებდა.