სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურის ადვოკატმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა და მას ლორა სმიტი არ გაუუპატიურებია.
მისი თქმით, მას კობაურმა უთხრა, რომ არ შეუძლია სქესობრივი აქტის დამყარება. ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე უნდობლობას უცხადებს ექსპერტიზას. მისთვის გაუგებარია, რანაირად აღმოჩნდა ლორა სმიტის სხეულში კობაიძის ბიოლოგიური მასალა, როსა სხეულზე ძალადობის კვალი არ არის.
„სექსუალური ძალადობა არ დასტურდება ექსპერტიზის დასკვნით. თავად კობაური ჩვენ გვეუბნება, რომ სასწრაფოდ ჩამიტარეთ ექსპერტიზა, ვინაიდან მე არ შემიძლია სქესობრივი აქტის დამყარებაო. ძალადობის კვალი არ არსებობს საქმეში და როგორ შეიძლება არ არსებობდეს ძალადობის კვალი და ბრალდებულის ბიოლოგიური მასალა იყოს ამოღებული. ფაქტია, რომ მას არანაირი სექსუალური აქტი არ დაუმყარებია აწ გარდაცვლილ ლორა სმიტთან“, – განაცხადა კობაიძემ.
შეგახსენებთ, რომ მალხაზ კობაურს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და ორი პირის განზრახ მკვლელობა) აქვს წარდგენილი.
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეფარდების თაობაზე დააკმაყოფილა. ბრალდებულისთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად თექვსმეტიდან ოც წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.