მცხეთის რაიონულ სასამართლოში მალხაზ კობაურის ადვოკატები გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ. დღევანდელ პროცესზე ისინი კობაურისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვდნენ.
ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება არ არის დასაბუთებული.
„გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ. იმედი მაქვს, სააპელაციო სასამართლო უფრო სამართალშემოქმედებითად მიუდგება აღნიშნულ საკითხს და მეტად გაამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებებზე ყურადღებას, რაზეც დაცვის მხარე საუბრობს. შერაცხადობაზე ექსპერტიზის დასკვნას ვეთანხმებით, რადგან ფაქტობრივად, წარმოუდგენელია ერთმა ადამიანმა მოკლას მამაკაცი, შემდეგ მოკლას ბავშვი, ქალს სდიოს კილომეტრნახევარი გააუპატიუროს და გაგუდოს. ეს წარმოუდგენელია, რაც არ უნდა მანიაკალურ ინსტიქტებთან გვქონდეს საქმე. სპერმის ექსპერტიზასთან დაკავშირებით კი, მთელი რიგი უზუსტობებია. ამას მოწმობს ისიც, რომ ექსპერტიზის მიხედვით, რაიან სმიტის სხეულში იყო მისივე სპერმა, რაც დაუჯერებელია. ჩატარდება ექსპერტიზა და დადასტურდება, რომ კობაურის სპერმა არ არის მოხვედრილი ლორა სმიტის სხეულში”-აცხადებს ადვოკატი.
შეგახსენებთ, რომ 19 წლის მწყემსს, მალხაზ კობაურს განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობა ედება ბრალად. საუბარია ხადას ხეობაში ამერიკისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეების, რაიან და ლორა სმიტებისა და მათ ოთხი წლის შვილის მკვლელობაზე. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, კობაურს 16-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.