საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს საპარლამენტო არჩევნების საკითხზე კომენტირებისას გურიაში განუცხადა, სადაც კახა კალაძესთან ერთად პარტიის ადგილობრივ წევრებს შეხვდა, რომ საპრეზიდენტო კანდიდატებიდან ერთ-ერთს მხარს მმართველი გუნდი დაუჭერს.
ირაკლი კობახიძის თქმით, პარტია ჯერ ნახავს საპრეზიდენტო კანდიდატების რა სპექტრი იქნება წარმოდგენილი არჩევნებზე და კონკრეტულ კანდიდატზე ამის შემდეგ ჩამოყალიბდება.
„ჩვენ გვქონდა საუბარი არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს აქტივთან. ჩვენი პოზიცია კიდევ ერთხელ გავაცანით ჩვენი პარტიის წევრებს, რატომ მივიღეთ გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ჩვენ ჩვენი კანდიდატით არ წარვსდგებით ამ არჩევნებში. გარდა ამისა, გვქონდა საუბარი, თუ რა ფორმით ჩაერთვება პარტია ამ საპრეზიდენტო არჩვენებში.
ჩვენ მხარს დავუჭერთ აუცილებლად ერთ-ერთ კანდიდატს. ჩვენი პოზიცია არის მნიშვნელოვანი. ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ამომრჩევლის წინაშე ამ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებითაც. აქედან გამომდინარე, ჩვენი ჩართულობა იქნება აქტიური, თუმცა ჩვენი კანდიდატი არ გვეყოლება არჩევნებში,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ჟურნალისტები დაინტერესდნენ, განიხილება თუ არა კონკრეტულად სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის საკითხი. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ამ ეტაპზე კონკრეტულ გვარებზე საუბარი ნაადრევია.
„დღეს გვარებზე საუბარი არ არის სწორი. ჩვენ ჯერ გადავხედავთ იმ წრეს კანდიდატებისა, რომელიც ჩამოყალიბდება და 8 სექტემბრის შემდეგ დავასახელებთ ჩვენს პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც ცნობილია, 8 სექტემბერს იწურება ვადა, როცა პრეზიდენტობის მსურველმა პირებმა შესაბამისი რეგისტრაციისთვის ცესკოს უნდა მიმართონ