ევროპული ბანკები უკვე ერიდებიან რუსულ აქტივებთან მუშაობას, იმ სანქციების გამო, რომელიც უკვე მოქმედებს და რომელიც სულ რამდენიმე დღეში უნდა ამოქმედდეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული პრესა აქვეყნებს.
“ასეთ შემთხვევაში შესაძლოა ევროპული ბანკები თავად აღმოჩნდნენ დაზარალებულები. ასეთი სიტუაცია კი საკმაოდ ხელსაყრელია სანქციის ავტორებისათვის პოლიტიკური წნეხის განსახორციელებლად” – ასეთ კომენტარებს აკეთებენ ექსპერტები.
შვეიცარიის ბანკმა Credit Suisse უკვე დაიწყო რუსული აქტივების რეკლასიფიცირება, რაც ზედმეტი სიფრთხილით არის გამოწვეული. შვეიცარიის სხვა ბანკებმა, ისეთები როგორიცაა, UBS და Julius, საერთოდ უარი თქვეს ინფორმაციის გაცემაზე, თუ რა ბედი ელით რუსულ აქტივებს.
როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, შვეიცარული ბანკები დამოკიდებულები არიან ამერიკულ დოლარზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ მოუწევთ გაითვალისწინონ აშშ-ს პოლიტიკა.
შეგახსენებთ, სკრიპალის საქმის გამო, 27 აგვისტოდან რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები შედის ძალაში. ამის შესახებ ინფორმაცის “რია ნოვოსტი” აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით წერს. ადმინისტრაციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კანონით განსაზღვრული სანქციების შესახებ შეტყობინების ვადა 22 აგვისტოს გავიდა.
“სანქციები მიმდინარე წლის 27 აგვისტოს დაიწყებს ამოქმედებას” – აცხადებს ადმინისტრაციის წარმომადგენელი.
ამერიკული მხარის მხრიდან სანქციები გამოიწვია ბრიტანეთში ექს-პოლკოვნიკ სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის ფაქტმა. რუსული მხარე დღემდე უარყოფს მამა-შვილზე განხორციელებულ ქმედებაში მონაწილეობას.