საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შეიტანა სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში და აუცილებელია, რუსეთისთვის იმ უკანონო ქმედებებზე, რომელსაც ჩადის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, დადგეს სამართლებრივი პასუხისმგებლობა.
მისი თქმით, ქართულ მხარეს მოლოდინი აქვს, რომ სტრასბურგის სასამართლო მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას.
„საქართველოს ხელისუფლებამ შეიტანა სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში და აუცილებელია რუსეთისთვის იმ უკანონო ქმედებებზე, რომელსაც ჩადის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, დადგეს სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ქართულ მხარეს მოლოდინი აქვს, რომ სტრასბურგის სასამართლო ყველა პროცედურის დაცვით განიხილავს ამ სარჩელს და მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას”,- განაცხადა ზალკალიანმა.
ცნობისთვის, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ საქართველოს სახელით ახალი სახელმწიფოთაშორისი საჩივარი – „საქართველო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“ შეიტანა.
საჩივარი ეხება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის მასობრივი შევიწროების, დაკავებების, თავდასხმებისა და მკვლელობების ადმინისტრაციულ პრაქტიკას, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, განსაკუთრებით გაძლიერდა 2008 წლის ომის შემდეგ და კრიტიკულ ზღვარს მიაღწია მიმდინარე წლის თებერვალში არჩილ ტატუნაშვილის წამებისა და მკვლელობის დროს.
საქართველოს სახელმწიფოს ამ დრომდე ორი სახელმწიფოთაშორისი დავა ჰქონდა რუსეთთან. მათ შორის, პირველ დავაზე, რომელიც რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციას ეხებოდა, გადაწყვეტილება უკვე ცნობილია და ეს საქმე საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. მეორე დავას, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომს ეხება, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო დასკვნით სხდომაზე (2018 წლის 23 მაისს) წარდგა და ახლა გადაწყვეტილების გამოცხადებას ელოდება.