ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

15 სექტემბრიდან მეტროში მგზავრთა მოცდის დრო სამ წუთამდე შემცირდება

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ მეტროს მატარებლების მოძრაობის ინტერვალი, 15 სექტემბრიდან, პიკის საათებში, სამ წუთამდე შემცირდება

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება, გაუმჯობესება არის ერთ-ერთი უმთავრესი და მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. ამ მიმართულებით უკვე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით. 15 სექტემბრიდან მგზავრთა ნაკადები კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან ხალხი შვებულებებიდან დედაქალაქში ბრუნდება და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ“, – განაცხადა მერმა.

როგორც მან აღნიშნა, ყველაზე მეტი მგზავრი მეტროთი გადაადგილდება და  მეტროს მუშაობის მიმართულებით რიგი ღონისძიებები განხორციელდა – დაემატა ოთხი ახალი შემადგენლობა, განხორციელდა სარკინიგზო ხაზების იმ ცალკეული მონაკვეთების რეაბილიტაცია,  რომლებიც სიჩქარის შეზღუდვებს განაპირობებდა, ასევე გადამზადნენ მემანქანეები.

„ყოველივე ამის შედეგად, 15 სექტემბრიდან უკვე შესაძლებელი იქნება მოცდის პერიოდის შემცირება განსაკუთრებით პიკის საათებში.  თუ ადამიანებს პიკის საათებში ლოდინი ოთხი-ხუთი წუთი უწევდათ, შესაძლებელი იქნება სამ წუთამდე დავიდეს ამ ცვლილებების შედეგად“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მისი თქმით, ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება, დაემატება ახალი ვაგონები და განხორციელდება მოდერნიზება იმ მიზნით, რომ მგზავრთა მოცდის დრო მეტროსადგურებში ორ წუთამდე შემცირდეს.

იტვირთბა....