ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით პირველი არხი იუწყება, რომ ტექდათვალიერების ამოქმედებიდან დღემდე, შემოწმებული 56 906 სატრანსპორტო საშუალებიდან ყოველმა მეოთხემ, ანუ 13 360-მა ავტომობილმა ტექნიკური ინსპექტირება ვერ გაიარა.
„განმეორებით ტექნიკურ ინსპექტირებაზე ტესტირების ცენტრებს 9 655 -მა მიმართა. 3 705 სატრანსპორტო საშუალებამ კი განმეორებითი შემოწმება არ გაიარა. 1 539 სატრანსპორტო საშუალებას გზებზე მოძრაობა საერთოდ აეკრძალა“, – განმარტეს ეკონომიკის სამინისტროში.
ტექნიკური ინსპექტირება ამჟამად ვრცელდება მიკროავტობუსებზე, ავტობუსებზე, სატვირთო, სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების ავტომობილებზე.
ოქტომბრიდან ტექდათვალიერების გავლა 3,0-ზე მეტი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილებისთვის იქნება სავალდებულო.
მთელს ავტოპარკზე სავალდებულო ტექდათვალიერება კი 2019 წლის იანვრიდან ამოქმედდება.
ინსპექტირების ღირებულება მსუბუქი ავტომობილებისთვის 60 ლარი, სატვირთო და სამგზავრო სატრანსპორტო საშუალებებისთვის კი 100 ლარია.
თუ მძღოლი ერთთვიან ვადაში ხარვეზს არ გამოასწორებს, 50 ლარით დაჯარიმდება, იურიდიული პირისთვის ჯარიმა 200 ლარით განისაზღვრა.