მმართველ გუნდში ბიძინა ივანიშვილის საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელებასთან დაკავშირებით აბსოლუტური კონსენსუსი იყო – ამის შესახებ საპარლემენტო უმრავლესობის ლიდერმა ზაქარია ქუცნაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც ზაქარია ქუცნაშვილმა აღნიშნა, თუ ბიძინა ივანიშვილი საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელდებოდა, საარჩევნო კამპანიაში ყველა სიამოვნებით ჩაერთვებოდა.
”აბსოლუტური კონსენსუსი იყო ბატონი ბიძინას კანდიდატურის მიმართ ანუ უმრავლესობის უმრავლესობას კი არ სურდა, არამედ კონსენსუსი იყო. რა თქმა უნდა, 115-ვე რიგში არ ჩამდგარა და ხელი არ აუწევია, მაგრამ კონსენსუსი იყო, რომ თუ ბატონი ბიძინა კენჭს იყრიდა, ამ შემთხვევაში ამ კამპანიაში ყველა სიამოვნებით ჩაერთვებოდა და ბუნებრივიც არის. წარმოიდგინეთ, კაცი მოტრიალდა საჯარო პოლიტიკაში, პარტიის დამფუძნებელი გახდა, გუნდის შიგნით დიდი ავტორიტეტით სარგებლობს და ბუნებრივი იყო, გუნდის წევრების განწყობა – “თუ ბატონო ბიძინა თქვენ იყრით კენჭს, ეს იქნება ყველაზე სწორი გადაწყვეტილება” და აქ იყო აბსოლუტური თანხმობა”, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
ამასთან, მან პარტია “ქართული ოცნების” მიერ საპრეზიდენტო კანდიდატის არ წარდგენასთან დაკავშირებითაც გააკეთა განმარტება და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი, როგორც პარტიის თამჯდომარე ამ იდეის ავტორი იყო.
“ის მიიჩნევს, რომ გადაჭარბებული ძალაუფლება ქართული დემოკრატიის განვითარებას ხელს უშლის და მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მეთაურის პოსტი პოლიტიკის შემქმნელი პოსტი არ არის, ის მაინც მნიშვნელოვანია და ბუნებრივია და „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ კიდევ ერთი პოსტის დამატება შეიძლება, ქართულ საზოგადოებაში აღქმული ყოფილოყო, როგორც აბსოლუტური ძალაუფლების მოპოვების სურვილი”, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ქუცნაშვილის სურვილი იყო მმართველ გუნდს თავად წარედგინა საპრეზიდენტო კანდიდატი.