საბერძნეთის პოლიციის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა დააკავეს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, რომლებიც ახალშობილი ბავშვებით ვაჭრობდნენ.
ატიკას რეგიონში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სულ აიყვანეს ცხრა ადამიანი. მათ შორის საქართველოს ერთი მოქალაქე. დანარჩენები კი ბულგარელები არიან. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები სულ მცირე ერთი წლის განმავლობაში ვაჭრობდნენ ახალშობილი ბავშვებით. სპეცოპერაციის მიმდინარეობისას სამართალდამცავებმა კონტაქტი დაამყარეს 40 წლის ქართველთან, რომელიც დაჯგუფებაში შუამავლის ფუნქციას ასრულებდა. მან ცოლ-ქმრად შენიღბულ ოფიცრებს ახალშობილი 18 000 ევროდ აყიდინა. ამის შემდეგ პოლიციამ დამნაშავეები აიყვანა. მათ შორის აღმოჩნდნენ ქალები, რომლებმაც ახლახანს გააჩინეს ბავშვი და მათ გაყიდვას აპირებდნენ. ასევე ერთი ორსული. პოლიციამ 9 000 ევრო ნაღდი ფული ამოიღო. საქმის გამოძიება გრძელდება.