საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „რუსთავი 2“-თან ამბობს, რომ ის დაეხმარება ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილს, ჩავიდნენ ჰოლანდიაში და ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციებისგან დახმარება მიიღონ.
სააკაშვილის თქმით, მაჩალიკაშვილსა და სარალიძეს სუს-ის ხრიკები ხელს ვერ შეუშლის. საქართველოს მესამე პრეზიდენტი მათ მოუწოდებს ჩავიდნენ ჰოლანდიაში და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან დახმარება მიიღონ.
“საერთაშორისო ორგანიზაციების ჩარევა აუცილებელია. რაც შეეხება ამ ხალხის ევროპაში შემოშვებას, ჰოლანდია და მოქალაქეების ჯგუფი, რომლებიც ოფიციალური სტრუქტურების თანამშრომლები არიან, მზად არიან, თავდებში ჩაუდგნენ მაჩალიკაშვილსა და სარალიძეს, შემოიყვანონ ისინი შენგენის ზონაში, რათა მათ დაუბრკოლებლად შეძლონ ჩასვლა და მისვლა, ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციებში. ჩვენ ამ ხალხს ხელს შევუწყობთ, რომ ჩამოვიდნენ და დაამთავრონ ის, რის გაკეთებასაც აპირებდნენ. მათ ხელს ვეღარ შეუშლის ვერანაირი სუს-ისა და სხვა ორგანოების ხრიკები. ამის გარანტია ჩვენ უკვე აღებული გვაქვს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, 2017 წლის დეკემბერში, საზარელი მკვლელობა მოხდა ხორავას ქუჩაზე. 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების ჩხუბს ორი ახალგაზრდას სიცოცხლე შეეწირა. მას შემდეგ მოყოლებული დაღუპული დავით სარალიძის მამა ცდილობს რეალური ეჭვმიტანილების მოძიებას. მრავალრიცხოვან საპროტესტო გამოსვლებს პარლამენტში დროებითი კომისიის შექმნაც მოჰყვა. დღეს კი სარალიძე აცხადებს, რომ ის მოქმედების სათადარიგო გეგმაზე გადადის. მისი თქმით, ის უკვე დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებას მისი მოშორება აქვს გადაწყვეტილი.