ფოთში ძლიერი წვიმის შედეგად მოვარდნილმა წყალმა ქალაქის რამდენიმე ქუჩა დატბორა. წყალმა საცხოვრებელი სახლების ეზოები დაფარა და პირველ სართულებზე შეაღწია. ადგილობრივები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა დანელიას ქუჩაზე, სადაც ყვებიან, რომ ეს პრობლემა ყოველი წვიმის დროს არსებობს რადგან სანიაღვრე სისტემა მოუწესრიგებელია. ინფორმაციას რუსთავი2 ავრცელებს.
„სულ დალპა ყველაფს ერი. ეს პირველი შემთხვევა არ არის. ეს არის სულ რამდენიც წვიმა მოვა. ასეთი დღე გვაქვს ჩვენ სულ. ეს მთავრობა წასულია ხელიდან, ეს მთავრობა არაფრის გამკეთებელი არ არის,“-განაცხადა ერთ-ერთმა დაზარალებულმა მზია ხაზალიამ.
ადგილობრივები ამბობენ, რომ სანიაღვრე სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის თანხა გამოიყო და სამუშაოებიც ჩატარდა თუმცა უშედეგოდ.
ფოთის მუნიციპალიტეტში კი ამბობენ, რომ ძლიერმა სტიქიამ ელექტრო ენერგიის მიწოდება შეაფერხა, რის გამოც გაითიშა სატუმბი სადგურები, რომელმაც უხვი ნალექი ვერ გაატარა.
„უხვი ნალექი დაფიქსირდა ქალაქში, დაფიქსირდა ჭექა-ქუხილი რასაც მოჰყვა ელექტრო ენერგიის გათიშვა. ამას მოჰყვა სატუმბი საშუალებების გაჩერება რამაც გამოიწვია ძირითადად ქალაქში ქუჩების დატბორვა. ამჟამად მიმდინარეობს ზარალის დადგენა,“-განაცხადა ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის და მშენებლობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა თემურ დუნდუამ.