ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ადვოკატი: “ლადო გრიგალაშვილის ტანსაცმელზე გამოძებამ წვეთი სისხლი არ დაიშურა”

თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებული ლადო გრიგალაშვილის ადვოკატმა ნაირა ოტიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ გამოძიებამ არც სახლიდან ამოღებულ ტანსაცმელსა და არც ლადო გრიგალაშვილის ტანსაცმელზე, რაც ეცვა, თითო წვეთი სისხლი არ დაიშურა.

ადვოკატის თქმით, დარღვევებით მოხდა ასევე ბრალდებულთან გასული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება.

“ყურადღება მისაქცევია იმაზე, რომ როდესაც გამომძიებელმა ტანსაცმელი ამოიღო, ჩხრეკის შედეგად მან თქვა, რომ ვიზუალურად ვერ დაინახა სისხლი. სისხლის ლაქები ორ სვიტერსა და ორ ქურთუკზე შეუძლებელია აღმოჩნდეს. როგორც ჩანს, გამოძიებამ არც სახლიდან ამოღებულ ტანსაცმელსა და არც ლადო გრიგალაშვილის ტანსაცმელზე, რაც ეცვა, არ დაიშურა თითო წვეთი სისხლი. ამასთან, ფარული ჩანაწერის გამკეთებელმა გამომძიებელმა არ განუმარტა ბრალდებულს უფლებები”, – განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილი 22 თებერვალს მოკლეს. მას ყელის არეში დანით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული და ასევე დაზიანებები აღენიშნებოდა თავის არეში. პოლიციამ ნაცვლიშვილის მკვლელობის ბრალდებით მისი შეყვარებული, ლადო გრიგალაშვილი მომხდარიდან მეორე დღეს დააკავა.

ლადო გრიგალაშვილს ბრალი 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის ჩადენას გულისხმობს.

იტვირთბა....