ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სამდივნოს განცხადებაში ნათქვამია, რომ საეკლესიო წესების თანახმად, დეკანოზ გიორგი მამალაძეს უნდა მიეცეს საშუალება, როგორც სასულიერო პირმა, წმიდა სინოდს პირადად მოახსენოს ყოველივე.
აღნიშნული განცხადება ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის და მესტიისა და ზემოსვანეთის მიტროპოლიტ ილარიონის მიერ პატიმრობაში მყოფი დეკანოზ გიორგი მამალაძის მონახულების ფაქტს ეხება.
„მიმდინარე 2018 წლის 25 ივლისს, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმიდა სინოდის წევრებმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა და მესტიისა და ზემოსვანეთის მიტროპოლიტმა ილარიონმა, მოინახულეს პატიმრობაში მყოფი დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელიც გასამართლებულია ე.წ. „ციანიდის“ საქმესთან დაკავშირებით და მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა ცხრა წლის ვადით.
პატიმრთან შეხვედრა შედგა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მსჯავდებულის – დეკანოზ გიორგი მამალაძის, მოთხოვნის საფუძველზე. პატიმართან შეხვედრა დაიწყო 10:50 საათზე და ოთხი საათის განმავლობაში გრძელდებოდა.
მოცემული საქმის მიმართ არსებული დიდი ინტერესიდან გამომდინარე, საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძისგან მღვდელმთავრებმა მიიღეს მის საქმესთან დაკავშირებული საკმაოდ მნიშვნელოვანი და მრავალმხრივ გასათვალისწინებელი ინფორმაცია. საუბრის შინაარსიდან გამომდინარე, მღვდელმთავრები მიიჩნევენ, რომ უნდა მოხდეს მსჯავრდებული სასულიერო პირის საქმის საფუძვლიანი გადახედვა შესაბამისი საგამოძიებო ორგანოების მიერ; ასევე მიიჩნევენ, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს, საეკლესიო წესების თანახმად, უნდა მიეცეს საშუალება, როგორც სასულიერო პირმა, წმიდა სინოდს პირადად მოახსენოს ყოველივე ის, რის საჯაროდ გაცხადებასაც პრინციპულად დაუშვებლად მიიჩნევს, მიუხედავად დიდი საზოგადოებრივი ინტერესისა.
მეუფეთა აზრით, უშუალოდ პატიმრისგან მიღებული ინფორმაცია, რაგინდ მძიმე იყოს იგი მოსასმენად, წმიდა სინოდის წევრებს, მათი მაღალი სულიერი მსახურებიდან გამომდინარე, დაანახებს იმ მდგომარეობის მთელ ტრაგიზმს, რომლის მსხვერპლიც აღმოჩნდა დეკანოზი გიორგი მამალაძე“, – ნათქვამია განცხადებაში.