ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი 5 აგვისტოს, სტრასბურგში, ევროპელ ადვოკატებთან და უფლებადამცველებთან შესახვედრად მიემგზავრებიან, რათა მათი შვილების საქმის დეტალები ევრპელ უფლებადამცველებს გააცნონ.
როგორც მათ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნეს, მას შემდეგ, რაც ისინი უფლებადამცველებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ადვოკატებთან გაცნობით შეხვედრებს გამართავენ, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სახელმწიფოს წინააღმდეგ სარჩელს შესატანად მომზადებას დაიწყებენ, რა პროცესშიც როგორც ქართველი, ისე ევროპელი იურისტები ჩაერთვებიან.
მათ ეჭვი აქვთ, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილს შესაძლოა, საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნას.
“წესით არც მე და არც მალხაზ მაჩალიკაშვილს არ უნდა გვიწევდეს საზღვრის გარეთ გასვლა, მაგრამ ფაქტია, დავდექით იმის წინაშე, რომ აუცილებლად უნდა მივმართოთ ევროპის სასამართლოს დახმარებისთვის, რომ როგორმე მაინც დავადგინოთ ჩვენს შვილებთან დაკავშირებული უმსგავსო გამოძიება, რასაც პროკურატურა აწარმოებდა. დღესაც ცდილობენ არამარტო მოქმედი, არამედ გადამდგარი და დაწინაურებული პროკურორებიც, ჩემი შვილის საქმის შეკერვას. პირდაპირ მკვლელებს არ ეხებიან და გამოძიება ირიბად მიყავთ. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში ვერ ვპოულობ სამართალს, მიწევს დახმარებისთვის ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლა”,- განაცხადა ზაზა სარალიძემ.