ნიკოლოზ ბარათაშვილის აღმართზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, 17 ივლისის 23:00 საათიდან საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება ბარათაშვილის ქუჩიდან ავლაბრის მოედნის მიმართულებით. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
“აღნიშნულიდან გამომდინარე, 18 ივლისიდან დროებით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემები:
ქეთევან დედოფლის გამზირიდან ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით მოძრავი N2, N25, N39 და N43 ავტობუსების ბოლო გაჩერებად მეტროსადგური „ავლაბარი“ განისაზღვრა.
N46 ავტობუსი მგზავრებს დიღმის მასივიდან ბარათაშვილის ქუჩამდე გადაიყვანს.
N37 ავტობუსი ბარათაშვილის ქუჩიდან მეტროსადგურ „ისანს“ გორგასლის, გულიასა და ნავთლუღის ქუჩების გავლით დაუკავშირდება.
N122 ავტობუსი სადგურის მოედნიდან მუჯირიშვილის ქუჩაზე მოსახვედრად გაივლის წინამძღვრიშვილის ქუჩას, საიდანაც მოძრაობას განაგრძობს ხეთაგუროვისა და ბუხაიძის ქუჩების გავლით.
დროებით შეიცვლება ბარათაშვილის ხიდიდან ავლაბრისკენ მოძრავი მიკროავტობუსების მარშრუტებიც:
ბარათაშვილის ქუჩიდან ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსები გაივლიან გორგასლის ქუჩას, შემდეგ 300 არაგველის ხიდის მეშვეობით დაუკავშირდებიან იალბუზისა და ბოჭორმის ქუჩებს, საიდანაც მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობენ.
N61 და N111 სამარშუტო ხაზებზე მოძრავი მიკროავტობუსები ბარათაშვილის ხიდიდან სამრეკლოს ქუჩაზე ხეთაგუროვისა და ბუხაიძის ქუჩების გავლით მოხვდებიან, ხოლო, N31 და N50 მიკროავტობუსების ბოლო გაჩერებად ევროპის მოედანი განისაზღვრება” – ნათქვამია მერიის განცხადებაში.