ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გამყრელიძე: “სექტემბრიდან ბავშვებში სისხლში ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით, კვლევა ჩატარდება”

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ სემინარზე – “ბავშვებსა და მოზარდებში სისხლში ტყვიის შემცველობის შეფასება“ განაცხადა, რომ  საქართველოში სექტემბრიდან დიდი კვლევა ბავშვებში სისხლში ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით ჩატარდება.

მისივე თქმით, ქვეყანაში ამ კუთხით საგანგაშო სიტუაცია არ არის, თუმცა, გასაანალიზებელია არსებული სურათი და დასაგეგმია შემდგომი ნაბიჯები.

“საგანგაშო არ არის. საყურადღებო სურათია ქვეყანაში ტყვიასთან მიმართებაში. აუცილებელია გავაანალიზოთ, რაც გვაქვს, დავგეგმოთ რას ვაკეთებთ და შემდეგ შესაბამისი გადაწყვეტილებები მივიღოთ. დღევანდელი შეხვედრა ეძღვნება ამ საკითხს”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ჯერჯერობით დიდი კვლევა ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით არ ჩატარებულა.

“სექტემბრიდან გაერო-ს ბავშვთა ფონდთან და იტალიის ჯანდაცვის ინსტიტუტთან ერთად ტარდება დიდი კვლევა ბავშვებში. ეს მოგვცემს, თუ რასთან გვაქვს საქმე ქვეყანაში. აქამდე ჩატარებული კვლევები მხოლოდ ცალკეულ ჯგუფებზე იყო, ხოლო მთლიანად ქვეყანაში რა ხდება და მტკიცებულებაზე დაფუძნებული ინფორმაცია წლის ბოლოს, ამ კვლევის შემდეგ გვექნება”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ცალკეულ ჯგუფებში ჩატარებული მცირე კვლევები გვიჩვენებს, რომ ზომიერი მატებაა 2-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში, დაახლოებით 15%-დან 20%- ის ფარგლებში.

იტვირთბა....