ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ვაშაძე: “დავარღვევ ქართულ პოლიტიკაში დამკვიდრებულ მანკიერ ტრადიციას – ყვირილით არ დაგღლით”

ცხრა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის მიერ დასახელებული საერთო სააპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე გუშინ მის მხარდამჭერებს შეხვდა.

მისი განცხადებით, საქართველო ან იმართება დემოკრატიულად ან საერთოდ არ იმართება. ვაშაძის თქმით, ადამიანები, რომლებიც ახლა ოპოზიციას წარმოადგენენ და რომლებიც უმწიკლოდ ემსახურებოდნენ საქართველოს, ბევრს გააკეთებენ ქვეყნის აღმშენებლობისთვის.

„ჩვენს ოპონენტებს დონ ჟუანი არც წაკითხული აქვთ, არც ნანახი და არც მოსმენილი, თორემ ეცოდინებოდათ, რომ კომონდორი უკვე მოვიდა. დავარღვევ ქართულ პოლიტიკაში დამკვიდრებულ მანკიერ ტრადიციას გრძნობების იმიტაციის და ყვირილით არ დაგღლით. ნება მიბოძეთ გითხრათ, რომ თქვენ დამასახელეთ პრეზიდენტობის კანდიდატად და უღრმესი მადლობა ამ პატივისთვის. თქვენთან ვარ ეროვნული მიზნების მიღწევამდე. ჩვენი ეროვნული მიზანია განვაახლოთ სახელმწიფოს მსვლელობა სწრაფი ეკონომიკური განვითარების გზით, ნამდვილი პროგრესის, რეალური თანასწორობისა და სამართლიანობის გზით. ამ გზით მსვლელობის გარეშე, სრულიად წარმოუდგენელია ქართული სახელმწიფოს და ჩვენი საზოგადოების სრულფასოვან დემოკრატიად გადაქცევა. წარმოუდგენელია თავიდან ავიცილოთ ხელისუფლების უზურპაციის მორიგი მცდელობა ან ამ მცდელობის რეალიზაცია. წარმოუდგენელია საქართველოს მოქალაქის ფეხზე დადგომა, რომელიც თავისი განათლებით და კერძო საკუთრებით, სახელმწიფოს საყრდენად უნდა დაუდგეს.

საქართველო ან იმართება დემოკრატიულად ან საერთოდ არ იმართება. ეს გვაჩვენა დამოუკიდებლობის აღდგენიდან გასულმა 27-მა წელმა და ეს გაკვეთილი კარგად უნდა გავითავისოთ. პირველი ნაბიჯი ეროვნული კონსენსუსისკენ გადადგმულია სამოქალაქო მოძრაობის შექმნით, რომლის ლიდერებიც აქ გახლავთ და დარწმუნებული ვარ, ეს ხალხი, რომელიც უმწიკვლოდ ემსახურა სახელმწიფოს, ბევრს შეჰმატებს ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობის საქმეს“, – აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ გუშინდელ შეხვედრაზე.

იტვირთბა....