დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შემდეგ გამართულ შემაჯამებელ პრესკონფერენციას ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქვეყნის ისტორიაში ამერიკის პრეზიდენტის ყველაზე სამარცხვინო წარმოდგენის მომსწრენი გახდნენ.
სენატორმა ჰელსინკის სამიტს „ტრაგიკული შეცდომა“ უწოდა.
„პრეზიდენტ ტრამპის ეგოიზმისა და ავტოკრატიის მიმართ სიმპათიის შეფასება რთულია, თუმცა ნათელია, რომ ჰელსინკის სამიტი ტრაგიკული შეცდომა იყო. დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინისთვის წინააღმდეგობის გაწევის საკითხში არამხოლოდ უუნაროა, არამედ აღმოჩნდა, რომ მას ამის სურვილიც არ აქვს. თითქოს ტრამპი და პუტინი ერთი და იგივე სცენარით მოქმედებდნენ და პრეზიდენტმა თავისუფალი პრესის სამართლიანი კითხვებისგან ტირანის დაცვა გადაწყვიტა. ამით კი პუტინს ტყუილის პროპაგანდის კარგი პლატფორმა შეუქმნა“, – აღნიშნულია ჯონ მაკკეინის საჯარო განცხადებაში.
ამერიკელმა სენატორმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ადამიანის თავისუფლებას ქვეყნის შიგნით და მის საზღვრებს გარეთ უპირველეს ამოცანად უნდა აყენებდეს. ამასთან, ჯონ მაკკეინმა იმედი გამოთქვა, რომ დონალდ ტრამპი ამ წმინდა პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე აიღებს.
ჰელსინკიში რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმეზე ვლადიმერ პუტინის ვერსიის სჯერა.
პრესკონფერეციაზე ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ პუტინთან დღევანდელი შეხვედრა ხანგრძლივი პროცესის მხოლოდ დასაწყისია. მისივე თქმით, პუტინი კარგი კონკურენტია.