ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კობაურის ადვოკატი: “ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დაინტერესებულია “FBI”-სთან თანამშრომლობით”

ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ მალხაზ კობაურის ადვოკატი დავით გირგვლიანი ითხოვს, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს მისი შეხვედრა ამერიკის ფედერალური ბიუროს გამომძიებლებთან. ამის შესახებ მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა მისი დაცვის ქვეშ მყოფი დაინტერესებულია ფედერალურ ბიუროსთნ თანამშრომლობით.

“ჩემი სურვილია და მოვითხოვ, რაც შეიძლება მალე მოხდეს ჩემი შეხვედრა ამერიკის ფედერალური ბიუროს გამომძიებლებთან. არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად, ჩვენება მისცეს სწორედ ამერიკის ფედერალური ბიუროს გამომძიებლებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ დაინტერესებული ვართ მათთან შეხვედრით, თანამშრომლობით. იმედი მაქვს, რომ ეს შეხვედრა შედგება. ჩვენი მოთხოვნაა, რომ ყველა ექსპერტიზა, რაც ამ საქმის ირგვლივ არის ჩასატარებელი და დანიშნული, ამერიკის ფედერალური ბიუროს მიერ ჩატარდეს ამერიკაში, მათ კვლევით ლაბორატორიებსა და საექსპერტო ბიუროებში. მე, როგორც ბრალდებულის ადვოკატი, მზად ვარ პირდაპირ დებატებში დავუჯდე საქმის პროკურორს, ნებისმიერ პიროვნებას, ვისაც კი სურვილი აქვს და ვუპასუხო ნებისმიერ შეკითხვას, რომელიც არ იქნება დამაზიანებელი გამოძიებისთვის”, – განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ  4 ივლისს  ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააკავეს ერთი პირი. 19 წლის მწყემსს მალხაზ კობაურს გამოძიება სამი პირის მკვლელობას ედავება, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვის.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ხადას ხეობაში მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მან სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ სმიტების ოჯახი არ მოუკლავს და ისინი შემთხვევის ადგილზე მყოფმა ორმა უცნობმა პიროვნებამ მოკლა, სიმართლის თქმის შემთხვევაში კი ოჯახის ამოხოცვით დაემუქრა.

იტვირთბა....