თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ Myvideo.ge-ს თავის ვებპლატფორმაზე ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების ტრანსლაცია აეკრძალოს.
ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებელი იუწყება, და აცხადებს, რომ დღეიდან პორტალ Myvideo.ge-ს მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების ტრანსლირება ეკრძალება.
საზმაუს ცნობით, სასამართლოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მიმართა, რასაც წინ უძღოდა განხილვები კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში. მარეგულირებელმა კომისიამ Myvideo.ge ჯერ წერილობით გააფრთხილა, შემდეგ კი საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებების დარღვევისთვის, კერძოდ, ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების არამართლზომიერი ჩვენებისთვის 3 000 ლარით დააჯარიმა. ამის მიუხედავად, Myvideo.ge-ზე მატჩების ტრანსლირება გრძელდებოდა.
„როგორც ცნობილია, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მიიღო ორი გადაწყვეტილება, რომლითაც აუკრძალა Myvideo.ge-ს მფლობელ კომპანიას მაუწყებლის არხების ტრანზიტი. ამის მიუხედავად, ნებართვის გარეშე, პირატულად გრძელდებოდა არხის ტრანზიტი და, შესაბამისად, მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების ჩვენება. აქედან გამომდინარე, საზოგადოებრივი მაუწყებელი იძულებული გახდა, მიემართა სასამართლოსთვის და სასამართლოს მეშვეობით მოეთხოვა აღნიშნული კომპანიის შესაბამისი განჩინების მიღება. 2018 წლის 12 ივლისს სასამართლომ მიიღო განჩინება, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს. კომპანია სს „აი თი დი სის“ აეკრძალა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების ტრანსლაცია თავის ვებგვერდზე, ვებპლატფორმაზე“, – განაცხადა პირველი არხის იურისტმა დიმიტრი ბერძენიშვილმა.

