სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2018 წელს სუნელებისა და სანელებლების 84 ნიმუშიდან ტყვიის შემცველობა მხოლოდ ორ შემთხვევაში დაფიქსირდა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის გიორგი მიქაძის განცხადებით, არადაფასოებული და არაეტიკეტირებული სუნელების გაყიდვა კანონდარღვევაა და მსგავს შემთხვევებში ბიზნესოპერატორები დაჯარიმდებიან.
დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებით გასულ წელს დარღვევების ასობით ფაქტი დაფიქსირდა.
„გასულ წელს, ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტმა კვლევები ჩაატარა, ემიგრანტი ბავშვების სისხლი გამოიკვლიეს და აღმოჩნდა ტყვიის მაღალი შემცველობა. დაიწყო კვლევა და აღმოჩნდა, რომ ტყვია ფიქსირდებოდა ჩვენგან წაღებულ სუნელებში, საუბარია კუსტარულად დამზადებულ სუნელებზე. აღსანიშნავია, რომ როდესაც ჩვენ კვლევა დავიწყეთ, იგივე შედეგები მივიღეთ, გვქონდა ძალიან მაღალი დარღვევები სუნელებში და სანელებლებში. ამან მოიტანა მთავრობის შესაბამისი დადგენილება. გამოიკვეთა, რომ საქმე გვქონდა ფალსიფიკაციასთან, განსაკუთრებით ყვითელი ყვავილის შემთხვევაში, მას ერეოდა არასასურსათო საღებავი, რომელსაც საერთო არ ჰქონდა ყვითელ ყვავილთან. შესაბამისად, რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეც იყო აღძრული.
ჩვენ იძულებული გავხდით, მიგვეღო დროებითი ზომები, რომელიც ითვალისწინებდა შემდეგს – ან ადგილზე დაფქვილიყო ან ის უნდა ყოფილიყო დაფასოებული, რომ იდენტიფიკაცია შესაძლებელი ყოფილიყო, რომელიც ჩვენ მიერ იქნებოდა გაკონტროლებული. ჩვენ გამოვითხოვეთ ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტის კვლევები და გაირკვა, რომ მიზეზშედეგობრივი პასუხები ვერ დადგინდა“, – განაცხადა გიორგი მიქაძემ.